ჩვენ ქვეყანას ვერანაირად ვერ გავწირავთ განადგურებისთვის და სანამ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ყოველთვის ვიქნებით ჩვენ მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა სანქციების შესახებ მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს დღევანდელი განცხადების შეფასებისას განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მშვიდობისთვის არის დასანქცირებული.
„ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, დე ფაქტო სანქციების ქვეშ იგი იმყოფებოდა სამი წლის განმავლობაში იმისათვის, რომ ეს შანტაჟის მექანიზმად გამოეყენებინათ. ის გაყინული უზარმაზარი თანხა მან, რა თქმა უნდა, არ გაცვალა იმაში, რომ საქართველოში არეულობა მომხდარიყო.
ჩვენი დასავლელი მეგობრების დიდმა ნაწილმა ჩვენ არ გვაპატია ის, რომ ჩვენ მოვითხოვეთ ინდივიდუალური მანევრის უფლება, როდესაც უკრაინაში დაიწყო ეს ტრაგედია, ვინაიდან ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც არ იცავს ნატო. ჩვენ არ გვაპატიეს ის, რომ მთავრობის ოფიციალური თანხმობით არ გავუშვით მოხალისეები უკრაინაში, რაც პირდაპირ ესკალაციას გულისხმობდა. არ გვაპატიეს, რომ რუსეთს სანქციები არ დავუწესეთ, რაც პირდაპირ ჩამოშლიდა ჩვენს ეკონომიკას. ჩვენ ქვეყანას ვერანაირად ვერ გავწირავთ განადგურებისთვის და სანამ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ყოველთვის ვიქნებით ჩვენ მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
სანქციებისა და „დიფ სთეითის“ ქმედებების შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ განცხადება დღეს გაავრცელა.