ილია მეორე: ერთდროულად ხუთ შვილთან გამოთხოვება მეტად მტკივნეული და რთული გადასატანია, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ადამიანი სულიერად, მაგრამ მაინც უნდა განგამტკიცოთ რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს სიკვდილს, არამედ იგი დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.
,,ბ-ნ ვიტალი ჭოლარიას და ქ-ნ ქრისტინე სორდიას, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს:
დიდია ჩვენი მწუხარება სოფელ საბერიოში, თქვენს ოჯახში, მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა.
ერთდროულად ხუთ შვილთან გამოთხოვება მეტად მტკივნეული და რთული გადასატანია, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ადამიანი სულიერად, მაგრამ მაინც უნდა განგამტკიცოთ რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს სიკვდილს, არამედ იგი დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ; ეს განშორება კი დროებითია.
აღვავლენთ ლოცვებს ემილიას, ანა-მარიას, ელენეს, ნიას და სოფიოს უკვდავ სულთათვის და შევთხოვთ უფალს, მოგანიჭოთ ნუგეში და ლოცვის ძალა”, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.
ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარს 5 მცირეწლოვანი ემსხვერპლა. შემთხვევა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, გუშინ დილით მოხდა.