„მომისაჯეს დახვრეტა… არ მიდარდოთ“ – 4 იანვარი გრიშა (გრიგოლ) კოსტავას დაბადების დღეა

1907 წლის 4 იანვარს დაიბადა საქართველოს სახალხო არტისტი, მსახიობი და ყოფილი პოლიტპატიმარი – გრიშა (გრიგოლ) კოსტავა. ინფორმაციას თბილისის მუზეუმების გაერთიანება აქვეყნებს.
იგი პირველად 1924 წლის აჯანყებისას დააკავეს. შემდეგ 1945 წელს, როდესაც მან (კონტრრევოლუციური ორგანიზაციის „საქართველოს გათავისუფლების კომიტეტის“ წევრმა), შეადგინა და დაბეჭდა 500 პროკლამაცია.
ამავე წელს, სამხედრო ტრიბუნალმა მას დახვრეტა მიუსაჯა.
„მომისაჯეს დახვრეტა. ბედნიერი ვარ, რომ თქვენ ყველანი კარგად ხართ. მე არაფრის არ მეშინია. ჩემთვის ახლა სულერთია. მხოლოდ ის მაწუხებს, რომ თქვენ გაგაწვალეთ. არ მიდარდოთ. გკოცნი. კარგად იყავით ყველანი“, – წერდა ციხიდან გრიგოლ კოსტავა.
ერთ თვეში მას სასჯელის უმაღლესი ზომა 10 წლიანი პატიმრობით შეუცვალეს და გადაასახლეს.
საქართველოში 10 წლის შემდეგ, 1955 წელს, დაბრუნდა.
გრიგოლ კოსტავა 1979 წელს გარდაიცვალა.
მერაბ კოსტავამ ოჯახს წერილი გამოუგზავნა:
„როგორ გამოგვეცალა ხელიდან ეს ვაჟკაცი, კაცი მძიმე და მნიშვნელოვანი ბედისა, ბედის არმგმობელი და ბედისგან დაუმარცხებელი, ბავშვობის დროიდანვე ჩემი იდეალი, რომელიც 10 წელი არ მენახა და რომელიც იმხანად ხალხმა, საქართველომ შემაყვარა, რადგან თუ კი ვინმე მკითხავდა რა გვარისა ვიყავი, იმის კითხვასაც არ დაიშურებდა, თუ გრიშა კოსტავა რა იყო ჩემი და გამონაკლისის გარეშე მოჰყვებოდა მისი ვაჟკაცობისა და კაიკაცობის ამბავს“…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები