2 იანვარი ვალერიან გაფრინდაშვილის დაბადების დღეა
1889 წლის 2 იანვარს, ქუთაისში დაიბადა ქართველი პოეტი, ვალერიან გაფრინდაშვილი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, შემდეგ – მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1914).
იყო „ცისფერყანწელების“ ერთ-ერთი ლიდერი. 1918 წლიდან ცხოვრობდა თბილისში, რედაქტორობდა ჟურნალ „მეოცნებე ნიამორებს“ (1919-1924), წლების მანძილზე თავმჯდომარეობდა საქართველოს მწერალთა კავშირის მთარგმნელობით სექციას და გაზეთ „ზარია ვოსტოკას“ მხატვრულის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებას.
ლექსების პირველი კრებული 1919 წელს გამოსცა. ეს იყო ქართული სიმბოლისტური პოეზიის ყველაზე ტიპური ლექსების კრებული. საგულისხმოა გაფრინდაშვილის წერილები შოთა რუსთაველზე, დავით გურამიშვილზე, ნიკოლოზ ბარათაშვილზე. რუსულად თარგმნა და 1923 წელს ცალკე წიგნად გამოსცა ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები. თბილისში გამოიცა ვალერიან გაფრინდაშვილის კრებულები: „ლექსები“ (1926), „ლექსები“ (1937), „რჩეული“ (1956), ხოლო 1990 – კრებული, სადაც ლექსებთან ერთად შევიდა პოემა, თარგმანები, ესეები, წერილები მწერლის არქივიდან.
ვალერიან გაფრინდაშვილი გარდაიცვალა 1941 წლის 31 იანვარს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.