2 იანვარი დიმიტრი უზნაძის დაბადების დღეა
1887 წლის 2 იანვარს დაიბადა დიმიტრი უზნაძე – ქართველი ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი.
1896 წელს 10 წლის ასაკში დ. უზნაძე ჩაირიცხა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიაში. სწავლობდა ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1907 წელს დ. უზნაძემ ლაიბნიცის ფილოსოფიისადმი მიძღვნილი ნაშრომისათვის ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის პრემია მიიღო. მუშაობდა რუსი ფილოსოფოსის, ვლადიმერ სოლოვიოვის მსოფლმხედველობაზე. 1909 წელს ჰალეს უნივერსიტეტში დაასრულა სადოქტორო დისერტაცია: „ვლადიმირ სოლოვიოვის მეტაფიზიკური მსოფლმხედველობა მისი შემეცნების თეორიის საორიენტაციო მიმოხილვითურთ“.
იმავე წელს დ. უზნაძე დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო ისტორიის სწავლება ქუთაისის გიმნაზიაში. უზნაძემ 1910 წელს ჩააბარა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც „ექსტერნის“ წესით დაამთავრა, 1913 წელს, პირველი ხარისხის დიპლომით.
1917-19 წლებში დ. უზნაძე იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. მან 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ამავდროულად ის აქტიურად მონაწილეობდა მეცნიერთა ჯგუფის მუშაობაში, რომელსაც სათავეში ივანე ჯავახიშვილი ედგა და რომლის მიზანიც ქართული უნივერსიტეტის დაარსება იყო. 1918 წელს დაარსდა კიდეც სამხრეთ კავკასიაში პირველი უნივერსიტეტი. იმავე წელს თბილისის უნივერსიტეტში დ. უზნაძემ გახსნა ფსიქოლოგიის და პედაგოგიკის კათედრა, რომელიც გახდა ახალგაზრდა ფსიქოლოგების და პედაგოგების მომზადების პირველი კერა დამოუკიდებელ საქართველოში.
1917 წელს მსოფლიო ისტორიის პირველი ქართული სახელმძღვანელო; 1939 წელს სკანდინავიაში ჟურნალში გამოქვეყნდა განწყობის ფსიქოლოგიისადმი მიძღვნილი მისი ვრცელი ნაშრომი; გარდაცვალების შემდეგ ნიუ-იორკში ინგლისურ ენაზე გამოიცა მისი ფუძემდებლური მონოგრაფია „განწყობის ფსიქოლოგია”; 1910-იან წლებში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში; 1927 წელს მან დააარსა საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება, რომელიც ამ დარგის პირველი საზოგადოება იყო მთელ საბჭოთა კავშირში და რომლის უცვლელი თავმჯდომარეც თავად იყო სიცოცხლის ბოლომდე. 1950 წელს ფსიქოლოგიის ინსტიტუტს მიენიჭა დ. უზნაძის სახელი. 1951 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწესდა მისი სახელობის სტიპენდია.