უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი – რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერებაზე: უკრაინამ პუტინს ევროპაში გავლენის მთავარი ბერკეტი წაართვა
ევროპა და მსოფლიო უფრო უსაფრთხო იქნება რუსულ გაზზე, ნავთობზე ან სხვა რესურსებზე დამოკიდებულების გარეშე და, საბოლოო ჯამში, თავად რუსეთის გარეშე, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიჰამ პლატფორმა X-ზე დაწერა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის გადაწყვეტილებას რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტის შეწყვეტის შესახებ.
„უკრაინამ არა მხოლოდ რუსული გაზის ტრანზიტი შეწყვიტა, არამედ ჩვენ გავწყვიტეთ პუტინის ბოლო დარჩენილი ბერკეტები ევროპაში და მის მიერ ენერგიის გამოყენება იარაღად. ევროპა და მსოფლიო უფრო უსაფრთხო იქნება რუსული გაზის, ნავთობისა და სხვა დამოკიდებულების გარეშე, ისევე როგორც თავად რუსეთის გარეშე“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რომ 1-ელ იანვარს, 07:00 საათზე, უკრაინამ ევროპაში რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტი ოფიციალურად შეაჩერა.
ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნულ ნაბიჯს რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხი უწოდა. თავის მხრივ, ევროკომისიამ დაადასტურა, რომ კონტინენტი მზად იყო 2025 წლის 1-ელი იანვრიდან უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერებისთვის.