“საკმაოდ წინ წავიწიეთ ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული პროდუქტითაც და შევამცირეთ ჩამორჩენა როგორც ევროკავშირის ანალოგიურ მაჩვენებელთან, ისე შეერთებულ შტატებთან” – სოსო არჩვაძე

„2024 წელი არ იყო მარტივი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, სოსო არჩვაძემ ისაუბრა.

მან 2024 წლის ძირითადი გამოწვევები „ბიზნესპრესნიუსთან“ შეაჯამა.

„2024 წელი არ იყო მარტივი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა (დაახლოებით, 2-ჯერ უფრო მაღალი, ვიდრე გლობალური ეკონომიკის ზრდა, სავალუტო ფონდის 2024 წლის პროგნოზის მიხედვით). ამ კუთხით საქართველო პოზიტიური მაჩვენებლით გამოიყურებოდა.

საკმაოდ წინ წავიწიეთ ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული პროდუქტითაც და შევამცირეთ ჩამორჩენა როგორც ევროკავშირის ანალოგიურ მაჩვენებელთან, ისე აშშ-სთან.

ასევე, მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, გვქონდა დაბალი ინფლაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ადგილი ჰქონდა, ერთობლივი მოთხოვნის ზრდას, მოსახლეობის შემოსავლების მატებას. შეიძლება, ბევრი ვიკამათოთ, რამდენად სწორად და თანაბრად ნაწილდებოდა ეს ნამატი პროდუქტი მოსახლეობის სხვადასხვა ნაწილზე, მაგრამ მთლიანობაში ამ მაჩვენებლით დასტურდება, რომ მოსახლეობის კეთილდღეობა იზრდებოდა.

ასევე, წელს დამოუკიდებლობის განმავლობაში პირველად მიუახლოვდა დაქირავებით დასაქმებულთა საერთო რაოდენობა მილიონიან მიჯნას (დაახლოებით, დაგვაკლდა 26 000). დასაქმების ზრდა როგორც პროცენტულად, ისე შეფარდებით იზრდებოდა და უმჯობესდებოდა, მოსახლეობის შემცირების პირობებში. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა შემცირდა, მაგრამ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა”, – აცხადებს სოსო არჩვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები