თალიბანმა ისეთ ადგილებში, საიდანაც შეიძლება ქალები ჩანდნენ, ფანჯრების გაკეთება აკრძალა

თალიბანის უზენაესმა ლიდერმა ჰაიბატულა ახუნდზადამ გამოსცა ბრძანებულება, რომელიც კრძალავს ფანჯრების გაკეთებას საცხოვრებელი შენობებისთვის, რომელთა წინ მდებარე ტერიტორიებს, როგორც წესი, ქალები გამოიყენებენ.

განცხადების თანახმად, ახალ შენობებს არ უნდა ჰქონდეთ ფანჯრები, რომლებიდანაც მოჩანს ეზო, სამზარეულო და სხვა ადგილები, რომელთაც შეიძლება ქალები იყენებდნენ.

„ქალების თვალთვალმა, რომლებიც სამზარეულოებში და ეზოებში მუშაობენ ან წყალს იღებენ ჭიდან, შესაძლოა, უხამსი ქმედებები გამოიწვიოს“,- ნათქვამია ბრძანებულებაში.

მუნიციპალურ ხელისუფლებას და სხვა შესაბამის ორგანოებს დაევალათ, ყურადღება მიაქციონ ახალ მშენებლობებს, რათა დაცული იყოს ახალი სტანდარტები. ასეთი ფანჯრების არსებობის შემთხვევაში შენობების მფლობელებმა უნდა ააგონ კედელი ან ხედი სხვა საშუალებებით ჩაკეტონ.

თალიბები ავღანეთში 2021 წელს მოვიდნენ ხელისუფლებაში და მას შემდეგ ქვეყანაში ქალებს თითქმის ყოველგვარი უფლებები ჩამოერთვათ. იუნესკოს მონაცემებით, ავღანეთში 1,4 მილიონზე მეტი გოგონა მოკლებულია სწავლის შესაძლებლობებს და ეს მთელი თაობის მომავალს საფრთხეს უქმნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები