“2028 წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების შეთანხმების თითქმის 90 პროცენტზე მეტს და 2030 წლისთვის ვიქნებით საუკეთესოდ მომზადებული ევროკავშირში გასაწევრიანებლად” – მიხეილ ყაველაშვილი
“ბოლო პერიოდში ევროინტეგრაციის საკითხი და ჩვენ მიერ კონსტიტუციით გარანტირებული პროდასავლური კურსი ხშირად გამოიყენება სპეკულაციებისთვის როგორც ქვეყნის საშინაო, ისე საგარეო კუთხით. არაერთ სპეკულაციასთან გვქონდა საქმე და ვიცით, რომ ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, ემსახურება ჩვენი საზოგადოების პოლარიზაციას. ეს ძალიან აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ამიტომ, ჩვენი ვალია, მსგავს სპეკულაციებს სიმართლე დავუპირისპიროთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2024“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა განმარტა, 2028 წლისთვის საქართველოს მთავრობა განახორციელებს ასოცირების შეთანხმების თითქმის 90 პროცენტზე მეტს და 2030 წლისთვის ვიქნებით საუკეთესოდ მომზადებული ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
„ძვირფასო დიპლომატებო, მოგეხსენებათ, საქართველო მიისწრაფვის, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ეს გახლავთ ჩვენი ხალხის ცივილიზაციური არჩევანი, რომელიც გამყარებულია ჩვენი კონსტიტუციით და ისეთივე მტკიცეა, როგორც ყოველთვის. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ევროინტეგრაციის საკითხი და ჩვენ მიერ კონსტიტუციით გარანტირებული პროდასავლური კურსი ხშირად გამოიყენება სპეკულაციებისთვის როგორც ქვეყნის საშინაო, ისე საგარეო კუთხით. არაერთ სპეკულაციასთან გვქონდა საქმე და ვიცით, რომ ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, ემსახურება ჩვენი საზოგადოების პოლარიზაციას, ძალიან აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ამიტომ ჩვენი ვალია, მსგავს სპეკულაციებს სიმართლე დავუპირისპიროთ. დღეს ქვეყანაში შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟი და მძლავრი დეზინფორმაციული კამპანიის მიუხედავად, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გრძელდება. 2028 წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების შეთანხმების თითქმის 90 პროცენტზე მეტს და 2030 წლისთვის ვიქნებით საუკეთესოდ მომზადებული ევროკავშირში გასაწევრიანებლად. თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ საქართველო ახლაც მზად არის, ნებისმიერ დროს დაიწყოს მოლაპარაკებები. ამაზეც არაერთხელ ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. ნებისმიერ მომენტში ჩვენი ქვეყანა მზად იქნება, რათა გაიხსნას მოლაპარაკებები და დავიწყოთ პროცესი.
ისეთივე ურყევი და მტკიცეა ჩვენი პრიორიტეტი ასევე აშშ-სთან, რომ უფრო განვამტკიცოთ ჩვენი ურთიერთობები. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ყველა გაუგებრობა აღმოიფხვრება და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრული პრიორიტეტები სათანადოდ აისახება ჩვენი თანამშრომლობის ყველა მიმართულებით. ამასთან, საქართველო, როგორც მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფით დაინტერესებული მხარე, აძლიერებს მეზობელ ქვეყნებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობას, კერძოდ, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან და სამხრეთ კავკასიის რეგიონში გრძელვადიან მშვიდობას, როგორც მოგეხსენებათ, ვუჭერთ მხარს და ამ მიმართულებით საკმაოდ დიდ ძალისხმევას გამოვიჩენთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად განვამტკიცოთ ჩვენი დიასპორის კავშირი ჩვენს სამშობლოსთან, რათა ისინი მაქსიმალურად იყვნენ ჩართული ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად შევძლებთ საქართველოს უსაფრთხოების, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის წარმატებით განხორციელებას და ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის მშვიდობის, სტაბილურობის და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფას“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.