“ყველამ კარგად ვიცით, რომ ელჩებს გაკისრიათ უდიდესი პასუხისმგებლობა, ღირსეულად წარმოაჩინოთ ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ასპარეზზე, რასაც ასე წარმატებით უძღვებით”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2024“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ყაველაშვილის თქმით, საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში წარმატებული სვლით.
„მოგეხსენებათ, საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში წარმატებული სვლით. ქვეყნის შიგნით დღემდე მიმდინარე უამრავი წინააღმდეგობისა და მძიმე მემკვიდრეობის ფონზე, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო, ეჩვენებინა პროგრესი, რომელიც სათანადოდ შეაფასა ჩვენმა მოსახლეობამ და ჩვენს ხელისუფლებას მეოთხედ გამოუცხადა ნდობა.
ახლა, როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოში საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, ჩვენს რეგიონშიც. უფრო მეტად გვმართებს გონიერი და პრაგმატული მოქმედება, პოლიტიკური გამჭრიახობა და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ასეთი ძალისხმევით ჩვენს ქვეყანას აუცილებლად გავიყვანთ სამშვიდობოს.
ძვირფასო დიპლომატებო, მოგეხსენებათ, საქართველო მიისწრაფვის, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ეს გახლავთ ჩვენი ხალხის ცივილიზაციური არჩევანი, რომელიც გამყარებულია ჩვენი კონსტიტუციით და ისეთივე მტკიცეა, როგორც ყოველთვის. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ევროინტეგრაციის და ჩვენ მიერ კონსტიტუციით გარანტირებული პროდასავლური კურსი ხშირად გამოიყენება სპეკულაციებისთვის როგორც ქვეყნის საშინაო, ისე საგარეო კუთხით. არაერთ სპეკულაციასთან გვქონდა საქმე და ვიცით, რომ ეს ყველაფერი სამწუხაროდ ემსახურება ჩვენი საზოგადოების პოლარიზაციას, ძალიან აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ამიტომ, ჩვენი ვალია, მსგავს სპეკულაციებს სიმართლე დავუპირისპიროთ. დღეს ქვეყანაში შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟი და მძლავრი დეზინფორმაციული კამპანიის მიუხედავად, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გრძელდება. 2028 წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების შეთანხმების თითქმის 90 პროცენტზე მეტს და 2030 წლისთვის ვიქნებით საუკეთესოდ მომზადებული ევროკავშირში გასაწევრიანებლად. თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ საქართველო ახლაც მზად არის, ნებისმიერ დროს დაიწყოს მოლაპარაკებები. ამაზეც არაერთხელ ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. ნებისმიერ მომენტში ჩვენი ქვეყანა მზად იქნება, რათა გაიხსნას მოლაპარაკებები და დავიწყოთ პროცესი.
ისეთივე ურყევი და მტკიცეა ჩვენი პრიორიტეტი ასევე აშშ-სთან, რომ უფრო განვამტკიცოთ ჩვენი ურთიერთობები. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ყველა გაუგებრობა აღმოიფხვრება და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრული პრიორიტეტები სათანადოდ აისახება ჩვენი თანამშრომლობის ყველა მიმართულებით.
ამასთან, საქართველო როგორც მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფით დაინტერესებული მხარე აძლიერებს მეზობელ ქვეყნებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობას, კერძოდ, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან და სამხრეთ კავკასიის რეგიონში გრძელვადიან მშვიდობას, როგორც მოგეხსენებათ, ვუჭერთ მხარს და ამ მიმართულებით საკმაოდ დიდ ძალისხმევას გამოვიჩენთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად განვამტკიცოთ ჩვენი დიასპორის კავშირი ჩვენს სამშობლოსთან, რათა ისინი მაქსიმალურად იყვნენ ჩართული ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში.
სამ ათეულ წელს ითვლის ჩვენი ტკივილი, ჩვენი აფხაზეთი და ოსეთი. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, ჩვენი დაკარგული ტერიტორიების, საოკუპაციო ხაზის გაყოფილი მოსახლეობა, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დიპლომატიით და მხოლოდ მშვიდობიანი გზით შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. მჯერა, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლები ძალას არ დაიშურებთ, რათა ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდეს დეოკუპაციის დღის წესრიგში წარმატებით მიღწევა.
დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად შევძლებთ საქართველოს უსაფრთხოების, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის წარმატებით განხორციელებას და ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის მშვიდობის, სტაბილურობის და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფას.
მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაგიხადოთ. საკმაოდ დიდი მისია გაკისრიათ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა წარმატებული იქნება, განვავითარებთ ეკონომიკურად და ყველაფერი იქნება კარგად“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა