გიორგი მექვაბიშვილი: ბულინგი და დაპირისპირება აზიანებს პირდაპირ არა პოლიტიკურ ძალას, არამედ ქართულ საქმეს, ხელოვნებას, კულტურას
“ბულინგი და დაპირისპირება აზიანებს პირდაპირ არა პოლიტიკურ ძალას, არამედ ქართულ საქმეს, ხელოვნებას, კულტურას. დღეს მეგობარი მეგობარს ებრძვის, ოჯახი ოჯახს ებრძვის, კოლეგა კოლეგას, მუსიკოსი მუსიკოსს, ამით გამარჯვებული არცერთი მხარე არაა და ხარობს მხოლოდ მტერი”,- ამის შესახებ ანსამბლ „ბასიანის“ სოლისტმა გიორგი მექვაბიშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერი პოლიტიკური სახით მანიპულაცია მიუღებელია.
„ქართული ხალხური სიმღერა, ეს საუნჯე, მრავალხმიანობა, გალობა დაფუძნებულია სიყვარულზე, თავისუფლებაზე, ერთობაზე. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი რომ არა ვერ შეიქმნებოდა „ჩაკრულო“, „ლილე“, „ხასანბეგურა“, „ჩელა“ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი პოლიტიკური სახით მანიპულაცია, ზეწოლა, ბულინგი, რასაც ჩვენ ვისმენთ ამ დღეების განმავლობაში და ძალიან ცუდად მოქმედებს ეს პირდაპირი ზიზღის ენა, პირდაპირ თითის ქნევა. გვეუბნებიან, რომ ახლა ჩვენ არ გვემღერება და თქვენც არ უნდა იმღეროთ, როდესაც ჩვენ ავმღერდებით, მაშინ იმღერეთ, როგორც მე ვფიქრობ, ისე იფიქრე. ეს ყველაფერი – განსხვავებული აზრი, ჩვენთვის უცხო არის და პატივსაცემიც არის, მაგრამ არსებობს წითელი ხაზები, კორექტულობა, გამოხატვის ელემენტარული ნორმები, სადაც ჩვენ არ ვუშლით ერთმანეთს განსხვავებულ აზრებს და ჩვენ თუ ჩუმად ვართ და მათ აზრებს პატივისცემით ვუსმენთ და ვატარებთ ეს იმას არ ნიშნავს გვეძახო მოღალატე, ათასგვარი ზღვარგადასული სიტყვები, რომლებიც გადადის წითელ ხაზებს. ძალიან რთულია შემდეგ ამ წითელი ხაზებიდან უკან დაბრუნება იმიტომ, რომ ჩვენ პატარა სამშობლო გვაქვს, პატარა ერი ვართ და ჩვენ ერთად უნდა ვიმღეროთ ხვალ იქნება, თუ ზეგ იქნება. ერთმანეთს უნდა მივესალმოთ და ეს ბარიერი არ უნდა იყოს გადასალახი, ისეთ ჭაობში არ უნდა ჩავვარდეთ ამ რიტორიკით, რომ მე დღეს მოღალატე მეძახო, რუსი მეძახო განსხვავებული აზრის გამო. საკითხავი პირიქით არის, ვინ და სად დგას, და რა ძალების მიღმა დგას“, – განაცხადა მექვაბიშვილმა.