„აზერბაიჯანულ ავიახაზებში“ აცხადებენ, რომ ყაზახეთში მათი თვითმფრინავი ფიზიკური და ტექნიკური გარე ჩარევის შედეგად ჩამოვარდა
„აზერბაიჯანული ავიახაზების“ თვითმფრინავი ფიზიკური და ტექნიკური გარე ჩარევის შედეგად ჩამოვარდა,- ამის შესახებ ავიაკომპანია „აზალში” განაცხადეს.
პარალელურად, აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი, რაშად ნაბიევი აცხადებს, რომ დაშავებული მგზავრების და გადარჩენილი ბორტგამყოლების მონაყოლის თანახმად, გროზნოს თავზე აფეთქების ხმა გაიგეს.
„ერთ-ერთი ბორტგამყოლი ხელის არეშიც დაშავდა. გარდა ამისა, თვითმფრინავის ფრთაზე ხვრელების კვალი ჩანს. თვითმფრინავის შიგნით დაზიანებულია ფიუზელაჟი. დაზარალებულებმა, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან, ასევე თქვეს, რომ გროზნოს თავზე აფეთქებების ხმა სამჯერ გაიგეს. მათივე თქმით, აფეთქებები გარედან მოხდა, შემდეგ კი თვითმფრინავს რაღაც შეეხო.
გამოძიება დაადგენს, თუ რა სახის იარაღიდან იყო გარე ჩარევა. გარდა ამისა, თუ თვითმფრინავის ფრენის ტრაექტორიას დააკვირდებით, ირკვევა, რომ მან ფრენის მიმართულება აქთაუს მიმართულებით მახაჩყალზე აიღო. თვითმფრინავს აქ დაშვების უფლება მიეცა თუ არა, გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე გაირკვევა. გარდა ამისა, გამოძიება დაადგენს, რა მიზნით განახორციელა პილოტმა ავარიული დაშვება. GPS-ის გამორთვის საკითხი მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ გახდება ცნობილი”, – განაცხადა რაშად ნაბიევმა.
აზერბაიჯანის ავიახაზების (AZAL) კუთვნილი Embraer 190 თვითმფრინავის ჩამოვარდნისთანავე, პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ბრძანებით, შესაბამისი კომისია შეიქმნა. კომისიის წევრები ავარიის ადგილზე მომხდარი შემთხვევის დეტალების გასაცნობად და დაშავებულთა მდგომარეობის შესასწავლად ქალაქ აქთაუში მალევე გაგზავნეს.