მანჯავიძე – მუსიკოსების ბულინგზე: ვთხოვ მათ, მორალს მაინც ნუ ეხებიან, რადგან სიტყვა “მორალი” მათი ბაგეთაგან სრულიად ამორალურად ჟღერს
“მათ ბულინგს არანაირი შედეგი არ ექნება და დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები მხოლოდ თავის თავს დაიზიანებენ. ვთხოვ მათ, მორალს მაინც ნუ ეხებიან, რადგან სიტყვა “მორალი” მათი ბაგეთაგან სრულიად ამორალურად ჟღერს”, – ამის შესახებ საზოგადოება „ქართულის წევრმა, მუსიკოსმა ზურაბ მანჯავიძემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
„ძალიან მწარედ შეგვეხო მაშინდელი სამთავრობო ბულინგი და დღეს რომ ადამიანები გამოჩნდნენ და ცდილობენ, მიგვითითონ, როგორ მოვიქცეთ, არასდროს მე ამ ხალხისგან ერთი მხარდამჭერი განცხადება არ მახსოვს, როდესაც უამრავი ადამიანი ჩვენსავით, „ფორტესავით“ კარს მიღმა ვიდექით და არანაირი კონცერტი ჩვენთვის არ არსებობდა. არათუ კონცერტი არ არსებობდა, ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე იყო ძალიან ხშირად საუბარი და რა თქმა უნდა, ეს „მორალურად მყარი ადამიანები“ დღეს რომ თავისი ჭკუით გვაბულინგებენ, მაშინ ჩირგვებში იმალებოდნენ, ყველაფერი კარგად იცოდნენ და ხმას არ იღებდნენ, რადგან ეს მაშინ მათთვის მომგებიანი არ იყო, არც ფინანსურად და რომ ვთქვათ, არც ვაჟკაცურად.
პირადად ჩემთვის ძალიან სასაცილოა, მათი ბულინგის მცდელობა, რომელსაც ჩვენზე არანაირი რეაქცია არ ექნება. სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც მტკივნეულად განიცდიან ჩაგვრის ყოველგვარ სახეობას, მაგრამ მერწმუნეთ, მათ ბულინგს არანაირი შედეგი არ ექნება და დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები მხოლოდ თავის თავს დაიზიანებენ. ვთხოვ, მორალს მაინც ნუ ეხებიან, რადგან სიტყვა მორალი, მათი ბაგეთაგან სრულიად ამორალურად ჟღერს“, – აღნიშნა მანჯავიძემ.