გორდულაძე – ოპოზიციური პარტიების მიერ დაფინანსების მიღებაზე: ორი სიმართლე აქ ვერ იარსებებს; ან არჩევნები არ ჩატარებულა და დაფინანსებაზე უარს ამბობენ, ან თუ დაფინანსებას იღებენ, მაშინ არჩევნებიც ჩატარებულია
“ჭეშმარიტება სიმარტივეშია, ოპოზიციურმა პარტიებმა ძალიან კარგად იციან, როგორ დამთავრდა 26 ოქტომბრის არჩევნები, ისიც იციან ამ შედეგებიდან გამომდინარე რამდენი თანხა უნდა აიღონ და რა მანდატი მიანიჭა ქართველმა ხალხმა. ეჭვქვეშ ამ ყველაფერს არ აყენებენ თავიანთი ქმედებებიდან გამომდინარე, მაგრამ სიტყვით იცოცხლე”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
„წესით და რიგით ამომრჩეველმა, რომელმაც მხარი დაუჭირა, როგორც ძველ „ნაცებს“, ისე გახარიას, ასევე „ლელოს“ რეალურად ისევ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, სახელები და ფერები, რომ შეცვალეს და ასევე საარჩევნო ნომრები, იმ „ნაცმოძრაობაში“ შემავალ პარტიებს ამომრჩეველმა უნდა ჰკითხოს პირველ რიგში: „ადამიანებო, თუ ამბობთ, რომ ერთის მხრივ, არჩევნები არ ჩატარებულა, არც კანონის შესაბამისად ჩატარდა, არც საერთაშორისო ორგანიზაციები არ აღიარებენ ამ ყველაფერს, არც პარტნიორებისგან ლეგიტიმაცია არ მომხდარა და ასე ცა ჩამოგვექცა ერთ მშვენიერ დღეს თავზე მთლიანად საქართველოსო, მაშინ ფულს რატომ იღებთ? რატომ არ ამბობთ უარს ისევ და ისევ სახელმწიფო ბიუჯეტზე“. არ დაგვავიწყდეს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი გადასახადების გადამხდელებისგან მიღებული თანხებით არის აკუმულირებული, ამ ფულზე უარს რატომ არ ამბობთო?
ორი სიმართლე აქ ვერ იარსებებს. ან ერთია სიმართლე, ან მეორეა სიმართლე და საერთო ჯამში ჭეშმარიტება სიმარტივეშია. ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, როგორ დამთავრდა 26 ოქტომბრის არჩევნები, ძალიან კარგად იციან რა იყო არჩევნების შედეგები მათ შორის ისიც იციან, რომ ამ შედეგებიდან გამომდინარე რამდენი თანხა უნდა აიღონ და საბოლოო ჯამში რა მანდატი მიანიჭა ქართველმა ხალხმა და ამომრჩევლის ნაწილმა ოთხ პოლიტიკურ პარტიას. ეჭვქვეშ ამ ყველაფერს არ აყენებენ თავიანთი ქმედებებიდან გამომდინარე, მაგრამ სიტყვით იცოცხლე“, – განმარტა გორდულაძემ.