ლიტერატურული პრემია „ანას“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ლიტერატურული პრემია „ანას“ 2024 წლის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, პრემია გადაეცა:
– ნომინაციაში „ქალი პოეტი“ – მანანა ჩიტიშვილს;
– ნომინაციაში „ქალი პროზაიკოსი“ – მაკა ჯოხაძეს, კრებულისთვის „ისკარიოტის ეკლები“;
– ნომინაციაში „ქალი მთარგმნელი“ – რუსუდან ღვინეფაძეს ფრანც კაფკას „დღიურების“ თარგმანისთვის.
ნომინაციისთვის „ქალის თემაზე შექმნილი საუკეთესო ნაწარმოების ავტორი“ კონკურსი არ შედგა.
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ კონკურსის სიმბოლოებითა და ფულადი პრემიით (5 000 ლარი კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).
გამარჯვებულები საკონკურსო კომისიამ გამოავლინა.
ლიტერატურული პრემია „ანა“ დიდი ქართველი პოეტის, ანა კალანდაძის, სახელს უკავშირდება და ქალებსა და ქალ მწერლებს ეძღვნება. ყოველწლიური კონკურსი საქართველოს კულტურის სამინისტრომ 2022 წელს დააფუძნა. კონკურსის ძირითადი მიზანია ქალი ავტორების წარმოჩენა, ხელშეწყობა და წახალისება. ამასთანავე, ერთი ნომინაცია ეხება როგორც ქალ, ისე მამაკაც ავტორებს და გაიცემა ნაწარმოებისთვის, რომელიც ქალებთან დაკავშირებულ თემებს ეძღვნება.
უნდა აღინიშნოს, რომ კონკურსისთვის 2024 წელი განსაკუთრებულია, ვინაიდან წელს ქართული პოეზიის დედოფლის, ანა კალანდაძის, დაბადებიდან 100 წელი გავიდა.
პრემია „ანას“ მოსაპოვებლად კონკურსი მიმდინარე წლის 19 აგვისტოს გამოცხადდა და სამინისტროს 31-მა დაინტერესებულმა პირმა მომართა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს გამარჯვებას პრემია „ანას“ ლაურეატებს.