ლავროვის თქმით, საფრანგეთმა რუსეთს უკრაინის კონფლიქტზე დიალოგის გამართვა კიევის გვერდის ავლით შესთავაზა
რუსეთმა საფრანგეთისგან მიიღო წინადადებები უკრაინის კონფლიქტზე დიალოგის კიევის მონაწილეობის გარეშე დაწყებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„რამდენჯერმე იყო ჩვენი ფრანგი კოლეგების მხრიდან დახურული არხებით მომართვა: „მოდით, ხელი შევუწყოთ, დავამყაროთ დიალოგი უკრაინის საკითხზე“, სხვათა შორის, უკრაინის გარეშე“, – აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, პარიზიდან მისული ასეთი სიგნალები არღვევს დასავლეთის წესს: „არცერთი სიტყვა უკრაინაზე უკრაინის გარეშე“.
ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთი ასევე არის უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნის ინიციატორი და ამზადებს უკრაინელ ჯარისკაცებს.
„ასეთი ორაზროვანი ქცევა არ იწვევს სერიოზულად აღქმის სურვილს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.