ანანურის ციხის ანსამბლში შემავალი ღვთისმშობლის ეკლესიის გუმბათის სარკმლების გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანანურში მდებარე ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის – ანანურის ციხის ანსამბლში შემავალი ღვთისმშობლის ეკლესიის გუმბათის სარკმლების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის აგვისტოში ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარმა სააგენტოს მიმართა ეკლესიის გუმბათიდან სარკმლის ჩამოვარდნის თაობაზე. ანანურში გაიგზავნა სპეციალისტების ჯგუფი. პირველადი დათვალიერების შემდეგ დაიგეგმა გადაუდებელი სამუშაოები. გუმბათის ყელიდან ჩამოვარდნილი დაზიანებული სარკმელი შეიცვალა ახალი ხის სარკმლით, ხოლო დანარჩენი სარკმლები გამაგრდა ანკერებით და ამოიგოზა ყინვაგამძლე მასალით.
სამუშაოებისთვის,რომლებიც შპს„ხაზმა“ შეასრულა, სააგენტომ დახარჯა 19 947 ლარი.
ანსამბლის მთავარი ნაგებობა – ღვთისმშობლის ეკლესია დგას ხევსურული კოშკის აღმოსავლეთით. სამშენებლო წარწერის თანახმად, იგი 1689 წელს მდივანბეგ ბარძიმის დაკვეთით აუგია ბოქაულთუხუცეს ქაიხოსრო ბაღსარაშვილს. ეკლესია ცენტრალურგუმბათოვანი ნაგებობაა (23,1მX17,2მ), აშენებულია თლილი ქვის კვადრებით. შესასვლელი სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს. შიდა სივრცეს ქმნის ჯვრის ოთხი მკლავი და ცენტრში აღმართული გუმბათი, რომელიც ეყრდნობა აფსიდის კუთხეებსა და ორ რვაწახნაგოვან ბოძს. ღრმა ნახევარწრიული აფსიდის გვერდებზე ჩრდილოეთით აფსიდიანი სამკვეთლოა, სამხრეთით – სწორკუთხა სადიაკვნე.