WSJ: აშშ შიშობს, რომ თურქეთის მხრიდან სამხედრო გაძლიერება სირიაში შეჭრისთვის მზადების სიგნალია
თურქეთი სირიის საზღვართან სამხედროებს კრებს და შესაძლოა, ქურთებზე თავდასასხმელად ემზადებოდეს,- ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ამერიკელი მაღალჩინოსნების ცნობების მიხედვით, თურქი სამხედროების გარდა, ანკარას მოკავშირე სირიული დაჯგუფებები ემზადებიან. ძალები თავმოყრილია საზღვრის მიდამოებში მდებარე ქურთული ქალაქი კობანის მახლობლად. ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, თურქეთმა ოპერაცია, შესაძლოა, უახლოეს მომავალში დაიწყოს.
გასულ დღეებში სირიელი ქურთების სამოქალაქო ადმინისტრაციის მეთაურმა, ილჰამ აჰმედმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უთხრა, რომ თურქეთი მათ წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ოპერაციას ჩაატარებდა. მან ტრამპს სთხოვა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანზე ზეწოლა მოეხდინა.
წარსულში სირიელი ქურთების მთავარი პარტნიორი აშშ იყო. SDF-ის ძალები დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ ტერორისტულ დაჯგუფება ე.წ. ერაყისა და სირიის ისლამურ სახელმწიფოს, ISIS-ს. მათთან თანამშრომლობა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გააგრძელა.
გასულ კვირას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თურქეთში იმოგზაურა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს სირიის მომავალზე ესაუბრა. მას სურდა დარწმუნებულიყო, რომ ანკარა ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ ოპერაციას არ ჩაატარებდა. თუმცა, SDF-ის სპიკერის თქმით, აშშ-ის ძალისხმევა, სირიელ ქურთებსა და თურქეთის მიერ მხარდაჭერილ სირიელ მეამბოხეებს შორის ცეცხლის შეწყვეტა გაფორმებულიყო, ზავის შეთანხმებამდე დაირღვა.
მანამდე, დონალდ ტრამპმა პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს სირიიდან ამერიკელი სამხედროების დიდი ნაწილი გამოიყვანა, რასაც ქვეყნის ჩრდილოეთში თურქეთის ოპერაცია მოჰყვა. მისმა ადმინისტრაციამ შეძლო, ქურთების მიერ ანკარას კონტროლისთვის ტერიტორიის ნაწილის დათმობის სანაცვლოდ თურქებსა და ქურთებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაეფორმებინა.