“შეგუებული ვიყავი, რომ იანვრის ბოლომდე მომიწევდა ციხეში ყოფნა, დღეს დილით ტელევიზორის ყიდვას ვაპირებდი და უცბად მითხრეს, რომ პროცესზე მივდიოდი” – ალეკო ელისაშვილი
“აბსოლუტურად შეგუებული ვიყავი, რომ იანვრის ბოლომდე მომიწევდა ციხეში ყოფნა და არაფერი არ დამთავრებულა, ახლა იწყება ყველაფერი. ყველაზე მეტად ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ყველა პოლიტპატიმარი, ეს ადამიანები იყვნენ გარეთ,” – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ელისაშვილი აღნიშნავს, რომ დღეს გათავისუფლებას არ ელოდა.
“დღეს დილით ტელევიზორის ყიდვას ვაპირებდი, რომ გამეგო, ქვეყნის თავს რა ხდებოდა და უცბად მითხრეს, რომ პროცესზე მივდიოდი. ვერაფრით ვერ ვიჯერებდი, ადვოკატთან კონტაქტი არ მქონდა. რაღაც რომ მოხდა ფაქტია, იმიტომ, რომ არანაირად არ ველოდი, რომ დღეს გამომიცხადებდნენ. ველოდებოდი, რომ წიგნებს მომიტანდნენ და ტელევიზორს, რომელიც ციხის მაღაზიაში შევუკვეთე. ამის ნაცვლად გაიღო ის რაღაც რკინის ფანჯარა და მითხრეს, რომ გარეთ უნდა გამოვსულიყავი, უფრო სწორედ, სადღაც უნდა წაგიყვანონო,” – განაცხადა ელისაშვილმა.