მისივე თქმით, ის თავშეკავება, რომელსაც საზოგადოების ნაწილი იჩენს რუსთაველის გამზირზე მყოფი აქციის წევრების მიმართ, შეიძლება იყოს ხიდი, რომლითაც ორ მხარეს მყოფი ადამიანები სამომავლოდ მაინც აღადგენენ ურთიერთობებს.
„გძულდეს არა ადამიანი, მიუღებელი შენთვის არა ადამიანი – არამედ მის მიერ ჩადენილი ცოდვა და როგორი უკადრისი საქციელიც არ უნდა იყოს. ასეთია სახარებისეული და ქრისტიანული სწავლება და მის გადახედვას არ ვაპირებ. რამდენადაც მიუღებელი არ უნდა იყოს ჩემთვის უღმერთოებისა და პოლიტიკური საშინელებების მქადაგებელი სუბიექტი – ის უფალს ეკუთვნის და ჩემი განკითხვის ობიექტს არ წარმოადგენს. ხოლო მის მიერ უღმერთოებისა და პოლიტიკური დანაშაულის გამოვლინებები – დიახ: არის, იყო და იქნება ჩემი ბრძოლის ველი, მათ შორის სიყვარულითა და შთაგონებით.
ვუსმენ ახალგაზრდა ბიჭებს და გოგონებს. ვუსმენ ორ რეჟიმში. ჯერ გათიშული აუდიოთი. და ვხედავ მათში უფლის ხატსა და მსგავსებას. ვხედავ დედიკოს და მამიკოს, ბებიკოს და ბაბუკას უსაყვარლეს პირმშოს. ვხედავ ნათლობის დროს მათზე გადმოსულ ნათლისღებისა და მირონცხების მისტერიას. მერე მეორე რეჟიმში გადავდივარ – ჩართული ხმით. და მესმის: “უნდა დავანგრიო ეკლესია”, “მოვკლა პატრიარქი”, “დავგმო დედა”, “მამის პანაშვიდზე არ მივალ”, “რუსი”, “მონა”, “მოღალატე”. სწორედ ეს, დახარვეზებული აზროვნებით გამოწვეული “აუდიო” უნდა გახდეს ჩემი ზრუნვისა და გამოსწორების საგანი და არა მისი შემსრულებლის მიმართ ჩემი სიძულვილი.
ყველაზე “ადვილია” შენს ოპონენტს ბანალურად დედა შეაგინო და ცოცხალ-მკვდარი გადაუტრიალო ყველა უწმაწურ ბრუნვაში. თუმცა ამ შეუსრულებელ დაპირებებშიც უსუსურობაა და პრაქტიკულ ჭრილში – განუხორციელებლობის ტრაგედია დევს. ყველაზე “ძნელია” – ამ ყველაფერზე თავი შეიკავო. შეიძლება ეს თავშეკავება გახდეს იმ პირველ “ბეწვის ხიდად”, რომელმაც აუცილებლად უნდა დაუკავშიროს ერთმანეთს დღეს ღრმა უფსკრულის ორ მხარეს მყოფი ადამიანები. თუ რა თქმა უნდა, ერთმანეთის ფიზიკურ გაწყვეტაზე სერიოზულად არ ვფიქრობთ…” – წერს დავით ქართველიშვილი.