“გამოხატვის თავისუფლება რატომ გაქვთ პრივატიზებული? ვინც არ გეთანხმებათ ან დუმს, მათ რატომ ართმევთ ამის უფლებას, ეს არის ევროპული ღირებულება” – თამარ ბოლქვაძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, თამარ ბოლქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ერთ ამბავს ჰყვება.

“დღეს ჩემს მეგობარს ასეთი ინციდენტი შეემთხვა. თითქმის ყველა ქუჩაზე მიმდინარე აქციის გამო ვერ მიდიოდა სახლში, არადა, სულ ცოტა ხნის წინ უმძიმესი გულის ოპერაცია გადაიტანა. ფილარმონიის ქვედა მხარეს ძლივს მიაღწია ბანკომატამდე, რომ ტაქსით მაინც შეძლებოდა შინ დაბრუნება. ეს ტაქსიც არა და არ გამოჩნდა და უკვე ძლივს იდგა ფეხზე. გამწარებულმა თავისთვის ჩაიბურტყუნა, ეს რა ჯანდაბააო, ეს ფრაზა უტრანსპორტობას ეხებოდა მხოლოდ. აქციის მონაწილე ახალგაზრდა გოგოებმა კი გამოლანძღეს,

– შენ, ალბათ, რუსეთში მიგეჩქარებაო და რა არ აკადრეს!!! უნდა იცნობდეთ ლელას, მშვიდობის მტრედია ყველგან და ყველასთვის, უკონფლიქტო, თბილი და მოსიყვარულე ადამიანი.

საინტერესოა, ჩემი მეგობარი ქუჩაში რომ წაქცეულიყო ( არადა, არაფერი აკლდა), მაშინ რას იტყოდნენ ან როგორ მოიქცეოდნენ, თუ “ჯანდაბამდეც” გზაც გქონია, თუ აქციის მონაწილე არ ხარ?..

ან ეს ეკლესიაში მივარდნა და მამა შალვას ლანძღვა-გინება რა იყო ამ დიდ მარხვაში? ეს საქციელი ევროპულ ღირებულებათა სისტემას მიესადაგება?

და საერთოდ, გამოხატვის თავისუფლება რატომ გაქვთ პრივატიზებული? ვინც არ გეთანხმებათ ან დუმს, მათ რატომ ართმევთ ამის უფლებას, ეს არის ევროპული ღირებულებ? ევროპაში პატივს სცემენ განსხვავებულ აზრებს, რადიკალურად განსხვავებულსაც კი!!!

ერთ ხეზე ორი ერთნაირი ფოთოლიც არ არსებობს, არა თუ, ორი, ერთნაირად მოფიქრალი ადამიანი. რატომ ძალადობთ განსხვავებული აზრის მქონეზე? სსრკ- ში დაბადების გამო მიშამ ლამის ჯვარს გვაცვა და თქვენ თავისუფალ საქართველოში დაბადებულ- გაზრდილებს საიდან ეს ყველას ერთ თარგზე მოჭრის სურვილი?

მოექეცით სხვას ისე, როგორც თქვენ გსურთ რომ მოგექცნენ! ნუთუ, ასე ძნელია?!

ძალადობას, ცემა-ტყეპას, ცხვირპირის დალეწვას, წაქცეულის ჩაწიხვლას, დედისთვის შვილის გამოტაცებას, ათის მიერ ერთის ცემას, რა თქმა უნდა, ვგმობ და ძალიან მინდა დაისაჯონ ამის ჩამდენნი!

მე არ გიწოდებთ ბრბოს, არც უგუნურებს, თქვენს შორის ბევრი განათლებული, თავისი საქმის პროფესიონალი, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ახალგაზრდაა! თქვენ მომავალი ხართ, ჩვენ წარმავალნი, მე არ გკადრებთ სალანძღავ სიტყვას, იმის გამო, რომ სხვაგვარად ფიქრობთ, მე ვერ და არ გაგიმეტებთ, თქვენხელა შვილები მყავს, როგორ შეიძლება მათთვის უკეთესი მომავალი არ მინდოდეს? თქვენ კი ზიზღისთვის გაგვიმეტეთ, რატომ? ცოტა თქვენზე მეტად თუ დავფიქრდით, ცოტა თქვენზე უკეთ თუ დავინახეთ ის გაიძვერა “უჩინმაჩინები”, თქვენი სუფთა და ანთებული გულებით თქვენი თავგანწირვით სათავისო საქმეს რომ იკვარახჭინებენ?

შვილებო, მერე ისე გაგწევენ გვერდზე, რომ შუბლის ძარღვიც არ შეუტოკდებათ!!

და თუ დიდ საშიშროებებს ვხედავთ, ეს არც ვინმეს მონობას ნიშნავს და არც რეტროგრადობას!

წინა კაცი უკანას ხიდია და ნუ ჩაგვტეხავთ სიძულვილით!

და კიდევ ერთი, ამ იარლიყების მიკერებით და რუსეთუმეს ძახილით, ვინც მართლა რუსეთუმეა და აგენტი, მას აზრს ვერ შეაცვლევინებთ და ვინც არასდროს ყოფილა ასეთი, მას ხომ თქვენვე შეაქცევინეთ ზურგი…

ერთი მითხრას ვინმემ განუზომელი ზიზღით და სიძულვილით თუ გაკეთებულა სასიკეთო საქმე ან თუ შექმნილა რამე ღირებული?..

ერთხელ 90 -იანებში ხომ მოვიძულეთ ერთმანეთი, ხომ ჩამოვიმხეთ თავზე ქვეყანა და გავაუბედურეთ უამრავი ოჯახი, იმ ჭრილობებს 30 წელია ვიშუშებთ და ბოლომდე მაინც ვერ შეიკრა პირი…

მე სამოქალაქო ომში სწორედ ქართველის მიერ სახალხოდ დახვრეტილი ჟურნალისტის და ვარ, 24 წლის დათო ბოლქვაძე სამოქალაქო ომს აშუქებდა და სწორედ ამიტომ დახვრიტეს ომის მემატიანე!!!

ის ჟურნალისტებიც მახსოვს, დღეს “ობიექტურობის და სამართლიანობის” სადარაჯოზე რომ დგანან, წინა ხელისუფლის საამებლად კი ჟურნალისტის მკვლელის “გაპრავებას” რომ ცდილობდნენ… მაინც რა კაი “ტიპია” ეს

დრო, ყველას ყველაფერი ახსოვს და არც ერთ ხელისუფალს არ უჯდება ნავში…

მე მაქვს შიშის უფლება, იგივე რომ არ განმეორდეს!!!

ზიზღმა და სიძულვილმა გადაგვავსო, თვალებიც აგვიხვია და მტერს და მოყვარეს უკვე ვეღარ ვარჩევთ!

ამ დროს რუსეთი ტურა ტაბაკივით გველოდება როდის დავჭამთ ერთმანეთს, როდის გადმოვყრით ერთმანეთის ძვლებს და მერე ნახეთ, როგორ შემოგრიალდება მშვიდობისმყოფელის თუ გამშველებლის სტატუსით!!

ღმერთმა ნუ ქნას ამ საშინელი სცენარის განხორციელება, აი, მაშინ კი “ჩელიაბინსკიც” უკან მოგვრჩება და რიაზანიც!

ხელისუფლებას კი მინდა ვუთხრა, კეთილი ინებეთ და ეს “ჯინი” როგორც ამოუშვით ბოთლიდან, მის უკან დაბრუნებაზეც ისევე იზრუნეთ, ოღონდ, ახალგაზრდების დასახიჩრების გარეშე!

თქვენ მხოლოდ მილიონ ას ოცი ათასის ხელისუფალნი არ ხართ, მათიც ხართ, ვინც ხმა არ მოგცათ!!”, – წერს თამარ ბოლქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები