კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე კახეთში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს

კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანი კახეთში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, იგი ესტუმრა გურჯაანის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრს, სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმს, მოინახულა კალაურის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით. სამუშაოები, რომლებისთვისაც 58 544 ლარი გამოიყო, მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდა.მინისტრის მოადგილე გაეცნო გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის პრობლემებსა და ინფრასტრუქტურულ გამოწვევებს.
ამჟამად შენობაში მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, რომელთა ნაწილი უკვე დასრულებულია. ბექა დავითულიანმა მადლობა გადაუხადა თეატრის კოლექტივს ენთუზიაზმისთვის, რომელსაც საქმიანობისას ავლენს და მომავალი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა.
მინისტრის მოადგილემ დაათვალიერა ქალაქ სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის საგამოფენო დარბაზები, გაიცნო ხელმძღვანელობა და თანამშრომლები და მათ დასახული გეგმების განხორციელებაში სამინისტროს მხარდაჭერას დაჰპირდა.
ბექა დავითულიანმა ასევე მოინახულა მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი, რომლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და 2026 წლის მაისისათვის დასრულდება. მინისტრის მოადგილე გაეცნო სარემონტო სამუშაოებს, დაათვალიერა ნიკო ფიროსმანის მემორიალური სახლი და გაიცნო როგორც მუზეუმის თანამშრომლები, ასევე რეაბილიტაციის პროცესში ჩართული პირები. ისაუბრეს კონკრეტულ გეგმებზე.
ბექა დავითულიანმა მომავალში მუზეუმის განვითარების პროცესში სამინისტროს აქტიურობაზე ისაუბრა. მნიშვნელოვანია, რომ სარემონტო სამუშაოების შედეგად მუზეუმში მოწესრიგდება საინჟინრო კომუნიკაციები და ინფრასტრუქტურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები