“150-ზე მეტი პოლიციელი არის დაშავებული და მათ უმრავლესობას აღენიშნება, როგორც ნახეთქი ჭრილობები, ასევე დამწვრობები, რომელიც მიყენებულია, სავარაუდოდ, პიროტექნიკისგან – ძალიან სწორი რეგულაციაა, რასაც საქართველოს პარლამენტი ადგენს”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად პარლამენტის შენობასაც მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული რეგულაციების შემოღებას შეკრება-მანიფესტაციის დროს. მოგეხსენებათ, შეკრება-მანიფესტაცია უნდა იყოს მშვიდობიანი ხასიათის და თუკი ის ძალადობრივ კატეგორიაში გადავა, ამ შემთხვევაში პოლიცია მოქმედებს კანონის შესაბამისად. ბოლო დღეების და მიმდინარე წლის ანალიზმა აჩვენა, რომ პიროტექნიკა, რომელიც აქტიურად გამოიყენება მოძალადე ჯგუფების მხრიდან, ძალიან დამაზიანებელია, როგორც ადამიანების მიმართ, ისე ინფრასტრუქტურის მიმართ. განსაკუთრებით პოლიციელების შემთხვევაში უნდა აღინიშნოს, რომ 150-ზე მეტი პოლიციელი არის დაშავებული და მათ უმრავლესობას აღენიშნება, როგორც ნახეთქი ჭრილობები, ასევე დამწვრობები, რომელიც მიყენებულია, სავარაუდოდ, პიროტექნიკისგან. გარდა ამისა, თქვენ ნახეთ, რომ პარლამენტის შენობას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. ფაქტობრივად, წინა ფასადი და ჭიჭინაძის მხარეზე არსებული სამუშაო კაბინეტები განადგურებულია. ეს ყველაფერი სწორედ ამის შედეგია. სწორედ ამიტომ ძალიან სწორი რეგულაციაა, რასაც საქართველოს პარლამენტი ადგენს,“ – განაცხადა დარახველიძემ.