საქპატენტის თავმჯდომარემ სტუ-ის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ, ინტელექტუალური საკუთრების სფეროს უკეთ გაცნობის მიზნით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია გამართა.
სოსო გიორგაძემ ახალგაზრდებთან განიხილა ინტელექტუალური საკუთრების არსი და მისი ძირითადი ობიექტები, ასევე, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ეროვნული და საერთაშორისო სისტემები. საუბარი შეეხო ეკონომიკასა და მეცნიერებაში ინტელექტუალური საკუთრების როლსაც. კერძოდ, საქპატენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის შესახებ, თუ რა როლი აქვს ინტელექტუალურ საკუთრებას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და როგორ ხდება არამატერიალური აქტივების შექმნა და აკუმულირება განათლების, მეცნიერების, მრეწველობის, თუ ინდუსტრიის სფეროებში. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ, აგრეთვე, ინფორმაცია ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში მიმდინარე გლობალურ ტენდენციებსა და საქართველოში განხორციელებულ უახლეს რეფორმებზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, წლების განმავლობაში აქტიურად და ნაყოფიერად თანამშრომლობს. სტუდენტებთან გამართული მსგავსი ტიპის ღონისძიებები კი ხელს უწყობს არა მხოლოდ ახალგაზრდებში ინტელექტუალური საკუთრების პოპულარიზაციას, მისი ობიექტების მიმართ ინტერესის გაღვივებასა და დაცვის მნიშვნელობის გააზრებას, არამედ, ზოგადად, ინტელექტუალური საკუთრების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.