მაკა ბოჭორიშვილი ევროპარლამენტარების ვიზიტზე: ვისი სახელით საუბრობენ და რისთვის არიან ჩამოსულები, საინტერესოა
საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროპარლამენტარების ვიზიტს გამოეხმაურა.
„არ ვიცი რამდენად ევროპარლამენტის სახელით არის ეს დელეგაცია საქართველოში. ევროპარლამენტს დელეგაციების შედგენის, მათი განმწესებისა და უცხო ქვეყანაში მგზავრობის საკმაოდ მკაცრი წესები აქვს. ვისი სახელით საუბრობენ და რისთვის არიან ჩამოსულები, საინტერესოა.
სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ვხედავთ კონკრეტული ევროპარლამენტარების ქმედებებს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავს და რას ემსახურება ეს, ეს კიდევ ცალკე საკითხავია. ასევე, ჩვენ ვხედავთ ევროპარლამენტის წევრებს, რომლებიც გამოირჩევიან განსაკუთრებულად საქართველოს წინააღმდეგ ძალიან კრიტიკული პოზიციებით. მათ არ აქვთ მზაობა ობიექტური სურათის დანახვის. არაერთხელ გვინახავს მათი „შემოქმედება“ რომელიც აისახება ევროპარლამენტის რეზოლუციებში“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას.