36 წლის ბექა მინდორაშვილს, რომელსაც მეტროსადგურ “სახელმწიფო უნივერსიტეტის” სადგურში ლაშა ამირეზაშვილის მკვლელობას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან გელოვანმა მიიღო. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.
სახელმწიფო ბრალდება ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. როგორც საქმის პროკურორი აცხადებდა, ბრალდებულმა ყოველგვარი მიზეზის, საბაბის გარეშე, ლაშა ამირეზაშვილს ხელი ჰკრა. სახელმწიფო ბრალმდებლის განცხადებით, ბექა მინდორაშვილი საზოგადოებისთვის საშიში პიროვნებაა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 დეკემბერს, თბილისში, მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სადგურში ბრალდებულმა სრულიად უმოტივოდ, ყოველგვარი საბაბის გარეშე, განსაკუთრებული სისასტიკით, მეტროსადგურის მგზავრების თვალწინ, ბაქანზე მდგარ მისთვის უცნობ პირს ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო, რა დროსაც მას მოძრავი ელმავალი შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ხულიგნური ქვენა გრძნობით და განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.