გიორგი ჩაკვეტაძე: ჩვენმა დელეგაციამ ვიზებისთვის კანადის სავიზო ცენტრს მიმართა და მანდატის ვადით, ოთხწლიანი ვიზები მივიღეთ; XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამო კი, ამ ღონისძიებაზე ვერ გავემგზავრეთ

“ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე ეხმიანება ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ, თითქოს, პარლამენტის დელეგაციას კანადამ ვიზები არ მისცა.

ის აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია “ცრუა”.

„ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების კიდევ ერთი ,,სიმართლე” გიორგი კანდელაკმა 22 ნოემბერს მოიტყუა, რომ თითქოს პარლამენტის დელეგაციას კანადამ ვიზები არ მისცა. დელეგაციის ხელმძღვანელმა, ხატია წილოსანმა ამ სიცრუეს ამომწურავი პასუხი იმ დღესვე გასცა.

დღეს კი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ევგენიძე გამოვიდა და ეს ტყუილი პირდაპირ ეთერში გაიმეორა.
სინამდვილეში, 22-25 ნოემბერს, მონრეალში NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია გაიმართა, რომელსაც კანადის პარლამენტმა უმასპინძლა.
ჩვენმა დელეგაციამ ვიზებისთვის კანადის სავიზო ცენტრს მიმართა და მანდატის ვადით, ოთხწლიანი ვიზები მივიღეთ. XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამო კი, ამ ღონისძიებაზე ვერ გავემგზავრეთ.

ეს ხალხი თავისი ქვეყნის სანქცირებას ითხოვს, ათას სისულელეს აბრალებს საქართველოს. ჩვენ კი, ჩვენი სამშობლოს საუკეთესო ინტერესებს ვემსახურებით.
მივმართავ ამ ორგანიზაციებს, ნუ შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში. გამოვიდნენ და საჯაროდ უარყონ კიდევ ერთი დეზინფორმაცია!“ – წერს ჩაკვეტაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები