ესტონური სამხედრო კომპანია უკრაინაში საზენიტო რაკეტების გამოცდას დაიწყებს
ესტონეთის სამხედრო-სამრეწველო კომპანია Frankenburg Technologies 2025 წლიდან საკუთარი საზენიტო რაკეტების გამოცდას უკრაინაში დაიწყებს,- ინფორმაციას ესტონური მედია ავრცელებს.
“მრავლისმთქმელი ტექნოლოგიაა, ჩვენ მის დატესტვას უკრაინაში ახალი წლიდან დავიწყებთ”, – აღნიშნა კომპანიის დირექტორმა კუსტი სალმმა.
მისივე თქმით, უკრაინულ მხარესთან შესაბამისი ხელშეკრულება უკვე მზად არის.
საუბარია Mark 1 ტიპის საზენიტო რაკეტებზე, რომლებიც ირანული წარმოების “შაჰედის” ტიპის კამიკაძე-დრონებს უნდა ებრძოლონ.
“ფრანკენბურგის” ვებსაიტზე ნათქვამია, რომ კომპანია მიზნად ისახავს, რევოლუცია მოახდინოს რაკეტების დამიზნების სისტემებში, ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე, სიტუაციური ცნობიერების პროგრამის გამოყენებით.
მედიის ინფორმაციით, კომპანია Frankenburg Technologies თავდაპირველად კვირაში რამდენიმე ათეულ რაკეტას დაამზადებს, ხოლო 2025 წლის მეორე ნახევარში მას ყოველ კვირა ასეულობით ასეთი ტიპის რაკეტის გამოშვება შეეძლება.
ესტონეთში იმედოვნებენ, რომ მოთხოვნა ახალ იარაღზე, უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემთხვევაშიც არ შემცირდება.