“რუსეთი კვლავ უარს ამბობს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე, მიუხედავად საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებისა, რომლებიც ოკუპაციისა და ადამიანის უფლებათა მიმდინარე დარღვევებისთვის სწორედ რუსეთს აკისრებს პასუხისმგებლობას”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოში რუსეთის აგრესიული ქმედებების გაგრძელებაა ომი უკრაინაში, რომელიც უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას.
„პირველ რიგში, მადლობას გადავუხდი მალტას 2024 წელს ეუთოს თავმჯდომარეობისა და დღეს ჩვენი მასპინძლობისთვის. თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც ჰელსინკის დასკვნითი აქტით ის მთავარი პრინციპები განისაზღვრა, რასაც ეუთო ეფუძნება. ჩემი ქვეყანა ამ ნორმების დარღვევის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი გახდა, რასაც შედეგად მოჰყვა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია. სწორედ საქართველოში რუსეთის აგრესიული ქმედებების გაგრძელებაა ომი უკრაინაში, რომელიც უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას.
საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია და იქ რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნა დღესაც გრეძლდება და უსაფრთხოების მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. ეთნიკური წმენდა, ჰიბრიდული ომი, ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევები, წამების და მკვლელობის ტრაგიკული ფაქტები, ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული ადამიანი, რომელიც ათწლეულებია საკუთარ სახლებში დაბრუნების იმედით ცხოვრობს, ამ ორი რეგიონის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები, ეს არის ის შედეგები, რომელიც რუსულ ოკუპაციას ახლავს თან.
სამწუხაროდ, დღემდე არ სრულდება 2008 წლის ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ევროკავშირის მონიტორინგის მისიას 2008 წლიდან დღემდე არ ეძლევა მანდატის სრულად განხორციელების შესაძლებლობა და არ აქვს წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რუსეთი კვლავ უარს ამბობს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე, მიუხედავად საერთაშორისო სასამართლოების (ECHR ICC) გადაწყვეტილებებისა, რომლებიც ოკუპაციისა და ადამიანის უფლებათა მიმდინარე დარღვევებისთვის სწორედ რუსეთს აკისრებს პასუხისმგებლობას.
საქართველოს ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენაა. ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკას ორი მიმართულება აქვს, დეოკუპაცია და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი საზოგადოებების შერიგება. ამ თვალსაზრისით ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმად რჩება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები. საქართველო აფასებს პარტნიორების მხარდაჭერას, როდესაც საქმე ეხება ჩვენი სუვერენიტეტისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.