მარკ რუტე: ნატოს წევრი ქვეყნები დათანხმდნენ, პრიორიტეტად უკრაინის ინფრასტრუქტურის დაცვა მიიჩნიონ
იმის ფონზე, რომ რუსეთი უკრაინის ქალაქებზე იერიშებს დრონებითა და რაკეტებით განაგრძობს, ნატოს წევრი ქვეყნები დათანხმდნენ, პრიორიტეტად უკრაინის ინფრასტრუქტურის დაცვა მიიჩნიონ,- ამის შესახებ ალიანსის ხელმძღვანელმა, მარკ რუტემ განაცხადა.
ალიანსის 32 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, რუტემ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე უკრაინისთვის საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება განიხილეს, რათა მან რუსეთის დარტყმებისგან ინფრასტრუქტურა დაიცვას.
“გუშინ საღამოს, მკაფიო შეთანხმება შედგა, რომ უკრაინის დახმარება, განსაკუთრებით მის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. დარწმუნებული ვარ, რომ მოკავშირეები მომდევნო დღეებში და კვირებში შესაბამის ნაბიჯებს გადადგამენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინას მიაწოდონ, რისი მიწოდებაც შეუძლიათ”, – თქვა რუტემ.