ნინო წილოსანი: არ მივესალმები იმ კადრებს, რომელიც ვნახეთ – შსს-ში დაწყებულია გამოძიება იმ თანამშრომლების მიმართ, ვისი მხრიდანაც ეს ძალადობა ხორციელდება
ძალიან ვწუხვარ აქციაზე დაშავებული ადამიანების გამო, მათ შორის, ჟურნალისტების გამო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში იმ სამართალდამცველების წინააღმდეგ, რომლებმაც საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბებს, გამოძიებაა დაწყებული.
“ის პროცესები, რომელიც აქციაზე ვითარდებოდა და ის პროვოკაცია, რომელიც თუნდაც რამდენიმე ათეული აქციის მონაწილის მხრიდან იყო პროვოცირებული, რა თქმა უნდა, მთლიანობაში აქციას აძლევდა არამშვიდობიან სახეს.
პოლიციის ვალდებულებაა, რომ აქცია მართოს. მათ შორის, ის საშუალებები, რომელიც პოლიციამ გამოიყენა, რა თქმა უნდა, არის კანონით დაშვებული, რამდენად არასასიამოვნო სანახავიც არ უნდა იყოს აქციის მართვის პროცესი პოლიციის მხრიდან, რა თქმა უნდა, ეს არის მათი ლეგიტიმური უფლება და სახელმწიფო სწორედ ასე ფუნქციონირებს.
ძალიან ვწუხვარ აქციაზე დაშავებული ადამიანების გამო, მათ შორის, ჟურნალისტების გამო. მაქვს ინფორმაცია, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
არ მივესალმები იმ კადრებს, რომელიც ვნახეთ. შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება იმ თანამშრომლების მიმართ, ვისი მხრიდანაც ეს ძალადობა ხორციელდება და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან ვწუხვარ ამ ერთეული ფაქტების გამო და დაშავებული ჟურნალისტების გამო”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.