ბრეივიკი ციხეში თანამედროვე ვიდეოთამაშების შეტანას ითხოვს

   პატიმრობაში მყოფი ნორვეგიელი მკვლელი ანდერს ბრეივიკი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის შიმშილობის დაწყებით იმუქრება. ამჟამად ის მოითხოვს მოძველებული ვიდეოთამაშები თანამედროვე ვიდეოთამაშებით შეუცვალონ. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.
ბრეივიკი, რომელმაც 2011 წელს 77 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ამბობს, რომ მისი ციხეში საცხოვრებელი პირობები არის წამება. ნორვეგიელმა პატიმარმა ციხის ხელმძღვანელობას წერილობით მიმართა, სადაც ათეულობით ჩამოთვლილ მოთხოვნათა შორის ის ითხოვს, მისთვის გამოყოფილი სათამაშო მოწყობილობა ,,ფლეისთეიშენ 2” უფრო თანამედროვე ,,ფლეისთეიშენ 3”-ით შეუცვალონ.
“სხვა პატიმრებს ხელი მიუწვდებათ მოზარდთათვის განკუთვნილ ვიდეოთამაშებზე, ხოლო მე შემიძლია ვითამაშო მხოლოდ ნაკლებად საინტერესო ბავშვებისთვის განკუთვნილი ვიდეოთამაშები,” – წერს ანდერს ბრეივიკი.
გარდა ამისა, ბრეივიკი  ასევე ითხოვს მისი ყოველკვირეული ანაზღაურების, 36 ევროს გაორმაგებას.
“თქვენ მე ჯოჯოხეთში მამყოფებთ და ასეთ პირობებში დიდხანს ვერ გადავრჩები. თქვენ მე მკლავთ. შიმშილობას არ შევწყვეტ, ვიდრე ნორვეგიის იუსტირიის მინისტრი ანდერს ანუნდსენი და პენიტენცალური საქმეების ხელმძღვანელი არ შეწყვეტენ ჩემს მიმართ ცხოველივით მოპყრობას”, – წერს ბრეივიკი ციხის ხელმძღვანელობისადმი მიწერილ წერილში.
2011 წლის 22 ივლისს ანდერს ბრეივიკმა აფეთქება მოაწყობა ოსლოს სამთავრობო კვარტალში, რასაც 8 ადამიანი ემსხვერპლა. იმავე დღეს მან კუნძულ უტოიაზე, ახალგაზრდების ბანაკში 69 ადამიანი მოკლა, მათ შორის ქართველი სტუდენტი თამთა ლიპარტელიანი.
ანდერს ბრეივიკს სასამართლომ 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები