დედაქალაქის საზღვრებში მდებარე გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულო იქნება

თბილისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე გზის ცალკეულ მონაკვეთებზე, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულო იქნება.

ზამთრის პერიოდში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა, დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა.

ქვეყნის მასშტაბით იმ ადგილების/საგზაო მონაკვეთების ჩამონათვალს შორის, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით ან/და სხვა საშუალებებით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტში არსებული რამდენიმე საგზაო მონაკვეთი შედის. კერძოდ, ზაჰესი-რუსთავის (1-49 კმ) საგზაო მონაკვეთი; თბილისი (გლდანი)-თიანეთის (1-60 კმ) საგზაო მონაკვეთი; თბილისი (პანტიანი)-მანგლისის (1-32 კმ) საგზაო მონაკვეთი; წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზის გარკვეული მონაკვეთი (1400 მ).

ზამთრის საბურავზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო − ფიფქი. საბურავის პროტექტორის სიღრმე კი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 მმ-ს − მსუბუქი ავტომობილებისთვის (M1) და სატვირთოებისთვის (N1, N2, N3); არანაკლებ 4 მმ-ს − მიკროავტობუსისთვის (M2) და ავტობუსისთვის (M3); საბურავის დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი და მასზე შესაძლებელი უნდა იყოს დამზადების თარიღის წაკითხვა.

რაც შეეხება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვს, იგი უნდა იყოს ქარხნული წესით დამზადებული, სატრანსპორტო საშუალების საბურავის ზომის შესაბამისი და თოვლით/ყინულით დაფარული გზის ზედაპირზე გამოსაყენებლად ვარგისი. ჯაჭვი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ თოვლით ან/და ყინულით დაფარულ გზაზე.

თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, პოლიციელი უფლებამოსილია, პირს აუკრძალოს დადგენილებით განსაზღვრულ ადგილას/გზის მონაკვეთზე შესვლა. ასევე, თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს და ამ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, პირს შესაძლოა, დროებით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება და განთავსდეს დაცულ სადგომზე.

ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით.

დეტალური ინფორმაცია ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლების, ასევე, კონკრეტული საგზაო მონაკვეთების შესახებ იხილეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე: police.ge/page/1047.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები