მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქცია დასრულდა

მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქცია და კაპიტალური სამუშაოები დასრულდა.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სამუშაოების მოცულობა ითვალისწინებდა სადგურის ზედა ვესტიბიულის სრულ რეკონსტრუქციას, გარე სადრენაჟე სისტემის მოწყობას, სამანქანო დარბაზის ფილის გამაგრებასა და შიდა სამეურნეო ოთახების მოწყობას.

„სამუშაოების შესრულების დროს გამოიკვეთა გარკვეული პრობლემები, რამაც განაპირობა ის, რომ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ვერ დასრულდა შესაბამის ვადებში. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოს შესრულების ვადა შეადგენდა რვა თვეს, მაგრამ სადგურის სახურავის ფენების დემონტაჟის შედეგად სადგურის ვესტიბიულის რკინაბეტონის თაღსა და კონსოლზე აუცილებელი გახდა დამატებითი კვლევების ჩატარება, მათი მდგომარეობის დადგენის მიზნით. იმის გათვალისწინებით, რომ მგზავრთა უსაფრთხოება წარმოადგენს უმთავრეს პრიორიტეტს, სადგურის კონსტრუქციულ მდგრადობაზე ჩატარდა არაერთი დამატებითი კვლევა. საბოლოოდ, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადებული დასკვნისა და რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდა პროექტის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რამაც გამოიწვია ვადების გადაწევა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე გადაცილება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კორექტირებული პროექტის მიხედვით, გამაგრდა სადგურის რკინა-ბეტონის თაღი და კოლონები, სრულად შეიცვალა სახურავის ჰიდროსაიზოლაციო ფენები, მოეწყო მიწისქვეშა წყლებისგან დამცავი გარე სადრენაჟე სისტემა, შეიცვალა სადგურის ინტერიერი და ფასადი, ზედაპირები მოპირკეთდა თანამედროვე მასალებით, გამოიცვალა იატაკის ფილები, განახლდა განათების, საინფორმაციო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები და სხვა.

გარდა ამისა, კახა კალაძის თქმით, სამუშაოები ჩატარდა სადგურის დაკეტვისა და მგზავრთა შეფერხების გარეშე, სამშენებლო კომპანია „ბადა ქონსთრაქშენის“ მიერ.

რაც შეეხება სამუშაოების ჯამურ ღირებულებას, თბილისის მერის ინფორმაციით, ის, დაახლოებით, 4 მლნ ლარს შეადგენს.

„ჩვენ არ გვაქვს დიდი გამოცდილება მეტროსადგურების განახლების მიმართულებით. სერიოზული პრობლემები შეგვხვდა, როდესაც დავიწყეთ სამუშაოები. პრობლემებია პროექტის შედგენის პროცესში. როდესაც უშუალოდ ვიწყებთ სამუშაოების განხორციელებას, იკვეთება ძალიან ბევრი პრობლემა, რაც კონკრეტულად „ავლაბრის“ რეაბილიტაციის პროცესში გამოჩნდა. იგივეა მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციასთან მიმართებით. მას შემდეგ, რაც კომუნისტების დროს ეს პროექტები განხორციელდა, ხელი არავის უხლია და რეალურად არავინ იცის, რა მდგომარეობაა კონკრეტულ ადგილზე, ვიდრე უშუალოდ არ დაიწყებ სამუშაოებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თემა, რათა თითოეული მოქალაქე იყოს დაცული. დღის განმავლობაში უამრავ ადამიანს ემსახურება მეტრო და უსაფრთხოება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები