“ჩვენი ეროვნული ინტერესი მარტივია – უნდა გავამთლიანოთ სამშობლო და განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა” – შალვა პაპუაშვილი
“26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიც დე-ფაქტო რეფერენდუმის სახით შედგა. ქართველი ხალხი დადგა ცალსახა არჩევანის წინაშე, როგორი მომავლისთვის დაეჭირა მხარი. აერჩია თავქარიანობა თუ აერჩია გონიერება, აერჩია ინფანტილიზმი თუ აერჩია სიმწიფე, აერჩია უცხო იდენტობა თუ აერჩია ტრადიციული ფასეულობები, აერჩია ქვეშევრდომობა თუ აერჩია დამოუკიდებლობა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხალხმა თქვა თავისი სიტყვა და აირჩია „ქართული ოცნება“.
“ხალხმა მოგვანიჭა თავისი უზენაესი ლეგიტიმაცია და სწორედ ამიტომ მე ვდგავარ აქ, თქვენს წინაშე, აღჭურვილი სიმართლით და საკუთარი მისიის სრული გაცნობიერებით, ვემსახურო სამშობლოს, ჩვენს ქვეყანას, ერთიან საქართველოს.
მე ვდგავარ აქ, რათა თქვენთან ერთად ვემსახურო ჩვენს ეროვნულ ინტერესს. ჩვენი ეროვნული ინტერესი კი მარტივია – ჩვენ უნდა გავამთლიანოთ ჩვენი სამშობლო და განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა. კეთილდღეობა უნდა შევიდეს ყველა ოჯახში. ეს არის ჩვენი ქართული ოცნება: ერთიანი, ძლიერი, დამოუკიდებელი საქართველო“, – განმარტა პაპუაშვილმა.