გიორგი გაბუნია: ყველანაირად ცდილობენ, მათ შორის, შიდა ძალები, რომ მოხდეს არჩევნების შედეგების დისკრედიტაცია

“ყველანაირად ცდილობენ, მათ შორის, შიდა ძალები, რომ მოხდეს არჩევნების შედეგების დისკრედიტაცია”, – ამის შესახებ საზოგადოება „ქართულის“ ხელმძღვანელმა გიორგი გაბუნიამ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველოში უპრეცედენტოდ მშვიდი, კონკურენტული და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა.

„თავადვე უწევდნენ რეკლამირებას ახალ ტექნოლოგიას, რომ შეუძლებელი იყო ამ პირობებში საარჩევნო პროცესის გაყალბება. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული გადაცდომები, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ არსებითი გავლენა ამას საარჩევნო შედეგებზე არ მოუხდენია.

„ქართულმა ოცნებამ“ მეორე ადგილზე გასულ პოლიტიკურ ჯგუფს მოუგო თითქმის 300 ათასზე მეტი ხმით. რაზეა საუბარი? გადაცდომებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, დაკავებულია ორი ადამიანი, მარნეულის ინციდენტს ვგულისხმობ, ასევე 34 ათასი ბიულეტენი გაბათილდა.

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ყველაზე ნაკლები საჩივარი შევიდა ცესკოში არჩევნებთან დაკავშირებით. 1 1167 საჩივარია შესული მაშინ, როდესაც წინა არჩევნების დროს 2 ათასზე მეტი საჩივარი იყო შესული. იმის წინა არჩევნებზე კიდევ უფრო მეტი. რაზე ვსაუბრობთ, სად არის მაშინ მტკიცებულებები? არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა, არ არსებობს. ეუთო/ოდირის შუალედური დასკვნა სწორედ ამაზე საუბრობს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვნახავთ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნასაც და ყველაფერი იქნება ნათელი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვხედავთ მუდმივად ტყუილებს, ყველანაირად ცდილობენ გაამაგრონ თავიანთი მხარდამჭერები, იმედი მისცენ. მათ შორის, ჩვენ ვნახეთ განცხადებები, რომ ჩვენ ჩავხსნით სიებს ცესკოში, რაც იყო ტყუილი. გამოვიდა ცესკოს წარმომადგენელი და თქვა, რომ სიებს ვერ ჩახსნი, ვინაიდან კანონმდებლობა მსგავს რეგულაციას არ იცნობს მანამ, სანამ უფლებამოსილების ცნობა არ მოხდება. მეორე ტყუილი იყო ასევე საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით, სადაც იყო საუბარი იმაზე, რომ თურმე ჩვენ სარჩელს შევიტანთ და პარლამენტი ვეღარ შეიკრიბება. ეს ხომ ტყუილია. ეს ხომ თავადაც იციან, რომ ტყუილია იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ უნდა იმსჯელოს საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელის დასაშვებობაზე და შემდეგ უკვე შეიძლება ვისაუბროთ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგებზე. ამ დროს, ორშაბათს შეიკრიბება უკვე პარლამენტი, ცნობს საკუთარ უფლებამოსილებას. როგორ შეიძლება საზოგადოებას აკადრო ერთ და ორ დღეზე გათვლილი ტყუილები“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები