ირაკლი კუპრაძე: “ძლიერ საქართველოს“ მიღებული აქვს გადაწყვეტილება სიების ჩახსნაზე და მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით
“კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ მიღებული აქვს გადაწყვეტილება სიების ჩახსნასთან და ინდივიდუალურად, მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, 25 ნოემბერს, პირველ საპარლამენტო სხდომას კოალიცია „ძლიერი საქართველო“ არ დაესწრება.
„მანდატების ერთობლივ დათმობასთან დაკავშირებული დათქმა გამოხატავს ერთობას და ხელსაყრელია მოქალაქეებისთვის, რომ სწორად აღიქვან გადაწყვეტილებების სისწრაფე და მეორე, მკაფიოობა, პრინციპულობა, რომ უკან დახევას არ აპირებს არც ერთი პოლიტიკური პარტია თუ კოალიცია, რომელიც ამ გაყალბებული არჩევნების შედეგად აისახა საქართველოს პარლამენტში. რაც შეეხება დაფინანსებას ან იმ ბენეფიტებს, რომელიც მოჰყვება საარჩევნო პროცესში მონაწილეობას, ჩვენ ამაზე უარი გვაქვს ნათქვამი თავის დროზე, 2020 წელს და არც ახლა არ შეგვეშინდება რაიმე ტიპის ბენეფიტებზე უარის თქმა, მაშინ, როცა აქეთ მხარეს დგას ღირსება, სიმართლე.
25 ნოემბერს, პირველ საპარლამენტო სხდომას კოალიცია „ძლიერი საქართველო“ არ დაესწრება, არ დაესწრება, მათ შორის, არც ერთი პროდასავლური ოპოზიციური პარტია და არ დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსიდან ელჩები, რომლებიც თითქოსდა არ მიიწვია პაპუაშვილმა, სინამდვილეში, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ დიპლომატიური კორპუსიდან არავინ არ აპირებდა მისვლას”, – განაცხადა კუპრაძემ.