„მუსიკის თეორიისა და კომპოზიციის აქტუალური პრობლემები” – რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში კომპოზიციის და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის მუსიკის თეორიის მიმართულების ორგანიზებით გაიმართა რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია – „მუსიკის თეორიისა და კომპოზიციის აქტუალური პრობლემები”, რომელიც მიეძღვნა პროფესორ ქეთევან თუმანიშვილის დაბადებიდან 105 წლისთავს.
კონსერვატორიის ინფორმაციით, დაიგეგმა კრებულის გამოცემა, რომელიც მიეძღვნება ქეთევან თუმანიშვილის 105 წლისთავს, შევა მისი შრომები და ჩატარებული კონფერენციის მასალები.
2024 წელს აღინიშნება გამოჩენილი ქართველი მუსიკისმცოდნის, მეცნიერისა და კომპოზიტორის – პროფ. ქეთევან თუმანიშვილის დაბადებიდან 105 წლისთავი. ქ. თუმანიშვილი ათწლეულები მუშაობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ხელმძღვანელობდა მუსიკის თეორიის კათედრას. მეცნიერის კვლევითი ინტერესები ფოკუსირებული იყო ქართული პროფესიული და ხალხური მუსიკის თეორიის საკითხებზე, დაწერილი აქვს არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი მუსიკალური ნაწარმოებების ანალიზის პრობლემატიკაზე. ქ. თუმანიშვილის მოღვაწეობის მეორე, მნიშვნელოვანი მხარე უკავშირდება საკომპოზიტორო შემოქმედებას. სხვადასხვა წლებში მას შექმნილი აქვს კონცერტები, სიმფონიური თუ კამერულ-ინსტრუმენტული ჟანრის ქმნილებები, ნაწარმოებები მუსიკალური თეატრისთვის.
ქეთევან თუმანიშვილის მრავალფეროვანი შემოქმედებიდან გამომდინარე, კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები ეხებოდა როგორც მუსიკის თეორიის, ისე კომპოზიციის სფეროსთან დაკავშირებულ ფართო პრობლემატიკას.