კულტურის სამინისტრომ გიორგი (გიგა) ბათიაშვილის საიუბილეო წიგნი-ალბომის წარდგენას უმასპინძლა
კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააქტო დარბაზში საქართველოს დამსახურებული არქიტექტორისა და საზოგადო მოღვაწის, თბილისის საპატიო მოქალაქის, საერთაშორისო აკადემიების ნამდვილი და საპატიო წევრის, გიორგი (გიგა) ბათიაშვილის, საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად (დაბადებიდან 90 წელი), საქართველოს არქიტექტორთა კავშირის მიერ გამოცემული ორენოვანი საიუბილეო წიგნი-ალბომის – „გიგა ბათიაშვილი – მომავლის პროექტები და ხედვა“ – წარდგენა გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: კულტურისა მინისტრი თინათინ რუხაძე, მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანი, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი ყარამან ქუთათელაძე, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე დავით აბულაძე, სამხატვრო აკადემიის პედაგოგები, სტუდენტები და არქიტექტორის კოლეგები.
„ალბომი გვაცნობს ოჯახის ხელთ არსებულ, გიგა ბათიაშვილის შემოქმედების საინტერესო და თითქმის უცნობ, როგორც თავად ავტორი უწოდებდა, „არქიტექტურულ ესეებს“ (მომავლის პროექტები და ხედვა), უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც მშობლიურ თბილისთან მისი ურთიერთობის ნაყოფია.
„არქიტექტურული ესეები“ კონკრეტული უბნებისა და ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიის მომავალი განვითარების ხედვით გამდიდრებული არქიტექტურული ჩანახატები და საპროექტო იდეებია, რომელთაც ახლავს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ავტორისავე განმარტებები, აღწერა, თვალსაზრისი.
წიგნ-ალბომის გამოცემა, ერთის მხრივ, მნიშვნელოვანია ავტორის შემოქმედების უცნობი ნაწილის საზოგადოებისთვის გაცნობის თვალსაზრისით, მეორეს მხრივ კი – ქალაქის არქიტექტურული სტილის შენარჩუნებისა და მომავალი იერსახის ჩამოყალიბება-განვითარებისთვის.
პრეზენტაცია ორგანიზაცია „აი სტუდიოს“ ავტორობითა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით გაიმართა“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.