კახა კახიშვილი – ოპოზიციაზე: ეს ადამიანები თავს იკლავდნენ დეპუტატის მანდატისთვის, მათი ამოცანაა, რომ პოლიტიკური ტრიბუნა გამოიყენონ, სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვონ და როგორ ფიქრობთ, უარს იტყვიან იმაზე, რისთვისაც იბრძოდნენ?

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, კახა კახიშვილის განცხადებით, ოპოზიცია საპარლამენტო მანდატებისთვის იბრძოდა და ამიტომ მასზე უარს არ იტყვის.

როგორც მან გადაცემაში „იმედი LIVE“ აღნიშნა, ოპოზიციის ამოცანა იყო, რომ უფრო მეტი ადამიანი შეიყვანონ პარტიული სიით პარლამენტში, რომ უფრო ძლიერ ფრაქცია ჰქონდეთ და ასე ნელ-ნელა მოემზადონ სხვა არჩევნებისთვის.

„ძირითადად ეს ადამიანები თავს იკლავდნენ დეპუტატის მანდატისთვის. იმ პარტიებში, რომელშიც არიან, ნაკლებად ვინმეს თუ ჰქონდა განცდა, რომ არჩევნებს უმრავლესობით მოიგებდა და ხელისუფლებაში მოვიდოდა. მათი ამოცანა იყო, რომ უფრო მეტი ადამიანი შეიყვანონ პარტიული სიით პარლამენტში, რომ უფრო ძლიერ ფრაქცია იყოს და ასე ნელ-ნელა მოემზადონ სხვა არჩევნებისთვის, პოლიტიკური ტრიბუნა გამოიყენონ, სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვონ და ა.შ. ახლა, როგორ ფიქრობთ, ეს ადამიანები უარს იტყვიან იმაზე რისთვისაც იბრძოდნენ?! რა თქმა უნდა – არა.

პირობითად ვიძახი, შეიძლება პოლიტიკური პარტიის ლიდერები არ შევიდნენ პარლამენტში, მაგრამ სიაში არიან ადამიანები, რომლებსაც კარგად ესმით, რომ დღეს თუ არ გამოიყენეს ეს შანსი და პარლამენტში არ შევიდნენ, არ არის გამორიცხული, რომ ხვალ-ზეგ ასეთი მოცემულობა აღარ იყოს და მეტიც, საერთოდ აღარ ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ რომელიმე პარტიულ სიაში მოხვდეს.

ეხუმრებით ამხელა პარტიული სტრუქტურების შენახვას საკუთარი თანხებით?! ეს შეუძლებელია. ერთ წელიწადში მოდის თვითმმართველობის არჩევნები, ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ გამართული საოფისე სტრუქტურით და პარტიული სტრუქტურით შეგიძლია რაღაცა ტიპის შედეგებს მიაღწიო თვითმმართველობის არჩევნებზე. დღეს დაფინანსებაზე და საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებაზე უარის თქმა ნიშნავს იმას, რომ აპრიორი მარცხდები შენ თვითმმართველობის არჩევნებზე და საერთოდ შორდები პოლიტიკურ ცხოვრებას. ამ ადამიანებისთვის პოლიტიკა არის არსებობის ძირითადი წყარო“, – აღნიშნა კახა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები