უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი – ,,არ მივიღებთ შეთანხმებას: მიწა მშვიდობის სანაცვლოდ”
კიევი არ დათანხმდება მოსკოვთან არანაირ შეთანხმებას ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ აშშ-ის კონგრესში გამართული მოსმენის დროს განაცხადა.
„უკრაინა არ მიიღებს რაიმე წინადადებას, რომელიც მოიცავს კომპრომისს ჩვენს სუვერენიტეტთან ან ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, არ მივიღებთ ჩვენი მონაწილეობის გარეშე შემუშავებულ არანაირ ინიციატივას, არ მივიღებთ შეთანხმებას: მიწა მშვიდობის სანაცვლოდ“, – აღნიშნა სიბიგამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ეს მილიონობით ადამიანის აგრესორის ხელში დატოვებას ნიშნავს, რაც გენოციდს, წამებასა და ჩაგვრას გამოიწვევს.
მან რუსეთში დამტკიცებულ, განახლებულ, ბირთვულ დოქტრინაზე განაცხადა, რომ ეს არის რუსეთის მხრიდან შანტაჟი.
„რუსეთის განახლებული ბირთვული დოქტრინა და რიტორიკა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ სხვა არაფერია, თუ არა შანტაჟი”, – განაცხადა სიბიგამ.