“24-25 ნოემბერს ექნებათ რაღაც მცდელობები, მოვლენ იქ, კარვებს, რაღაცებს გააკეთებენ. ისინი ერთგვარად პატრონებს თავს მოაწონებენ ჩვენ ყველაფერი ვცადეთო”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია სისულელეებში ატარებს წლებს.
„შექმნიან დერეფნებს, იყვირებენ-იწივლებენ, შესაძლოა, პარლამენტშიც შევიდნენ და პროვოკაცია მოაწყონ. 24-25 ნოემბერს ექნებათ რაღაც მცდელობები, მოვლენ იქ, კარვები, რაღაცებს გააკეთებენ. მოქალაქეებს დეჟავიუ აქვთ 2020 წელთან დაკავშირებით, მაშინ მუხტი გაცილებით მეტი იყო, ოდნავ რეალურს, 2%-ს შეიძლება დაუჯეროს ადამიანმა თეორიულად. ახლა რომ გვეუბნებიან 10-15-20% გაყალბდაო, ხალხი იმდენად არ იჯერებს, რომ მუხტი დაიწია. 2020 წელს სხვა მუხტი ჰქონდათ, ახლა მათ მომხრეებთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი აღქმა არ არის.
ისინი ერთგვარად პატრონებს თავს მოაწონებენ რომ ჩვენ ყველაფერი ვცადეთ, ეს არგუმენტი გამოადგებათ პარლამენტის წევრობაზე უარის არ თქმაში. იმდენად არ უნდათ მანდატების დატოვება, რომ წინასწარ, უდროო დროს, არაკანონიერ დროს დაწერეს განცხადებები. პატრონებთანაც იმართლებენ თავს, ყველაფერი ვცადეთ ჩვენ, წინა დღეს კარავიც დავეცით პარლამენტთან, მეორე დღეს შევიკრიბეთ: „მონა“ „მონა“ ვეძახეთო. დღეს ვხუმრობდით, მონას რომ გავიგონებთ კანონების დასაწერად გავრბივართ იმდენ მონას იძახიან. ყველა სიტყვა გაცვითეს, საკუთარი თავის აღმნიშვნელი სიტყვები იმდენი ეძახეს სხვას, ყველა გაცვითეს. ამ სისულელეებში ატარებენ წლებს, დაიწყებენ ამ სისულელეების კეთებას, შექმნიან დერეფნებს, იყვირებენ, იწივლებენ, შეიძლება შემოვიდნენ პროვოკაცია მოაწყონ. ამ დროს საქმე თავის გზას იპოვის, გაკეთდება, მთავრობასაც დავამტკიცებთ, ბიუჯეტს, გააგრძელებს ქვეყანა განვითარებას. ესენი კიდევ იყვირებენ, ისინი უნდა იყვნენ ქუჩაში ამ აბსტრაქტული გეგმებით“, – განაცხადა მდინარაძემ.