ზაზა დავითაია: “ნაციონალურმა მოძრაობამ” ჩემს წინააღმდეგ დაიწყო დეზინფორმაციის კამპანია

  “ნაციონალურმა მოძრაობამ” ჩემს წინააღმდეგ დაიწყო მიზანმიმართული და ორგანიზებული დეზინფორმაციის კამპანია, – ამის შესახებ ჟურნალისტი ზაზა დავითაია განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კამპანია, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” მედიასაშუალებების მეშვეობით გეგმავს, მიზნად ისახავს ჟურნალისტის დისკრედიტაციას და საქართველოს სახელმწიფოს მიმართ ჩემს მტრად წარმოჩენას.
დავითაის განცხადებით, კამპანიას უშუალოდ გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს.
“მომაწოდეს ინფორმაცია, რომ დანაშაულებრივმა მოძრაობამ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ჩემს წინააღმდეგ დაიწყო მიზანმიმართული და ორგანიზებული დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ჩემს დისკრედიტაციას და საქართველოს სახელმწიფოს მიმართ ჩემს მტრად წარმოჩენას. ეს არის გაგრძელება იმ ცილისმწამებლური კამპანიის, რომელიც ჯერ კიდევ 2006 წელს ჩემი უკანონო დაკავებით დაიწყო. სააკაშვილ-მერაბიშვილის ხელისუფლებამ დამაბრალა არ ჩადენილი შეთქმულება შეიარაღებული გადატრიალების მიზნით. ამ ახალ კამპანიას უშუალოდ ხელმძღვანელობს გიგა ბოკერია, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მართულ მედიასაშაულებებს, განსაკუთრებით კი ტელევიზიებს და “რუსთავი 2”-ს აძლევს დავალებებს შესაბამისი გადაცემების მოსამზადებლად, სადაც ცალმხრივად იქნება წარმოჩენილი პოზიციები. დღეს, P.S.-ში იგეგმება სიუჟეტის გაშვება, სადაც ცილისწამების ნიაღვარი იქნება ჩემ მიმართ და აპელირება მოხდება სწორედ ამ 2006 წლის ბრალდებაზე. ვაცხადებ, რომ მოღალატეები და აგენტები “ნაციონალურ მოძრაობაში” არიან. ჩემი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, მზადყოფნას ვაცხადებ, რომ ნებისმიერ გადაცემაში მივიღო მონაწილება, რათა შესაძლებლობა მქონდეს პირადად შევეწინააღმდეგო ჩემს მიმართ წარმოთქმულ ბრალდებებს. მე მივმართავ ყველა ჩემს ხელთ არსებულ სამართლებრივ მექანიზმს პროტესტის გამოსახატად. შესაძლოა ეს იყოს აქციები. ასევე მივმართავ სასამართლოს და პროკურატურას ამ ცილისმწამებლური კამპანიის წინააღმდეგ. საქმის კურსში ჩავაყენებ დასავლეთსაც, რათა ნახონ, რომ ეს მედიასაშუალებები “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან იმართებიან”, – აცხადებს ზაზა დავითაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები