“ლაპარაკობენ, რუსეთს კი არ ვებრძვით, იმ ქართველებს ვებრძვით, რომელთაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, აქ მიწებს იყიდიან და შემოსახლდებიანო, კიდევ ჩვენ გვაბრალებენ” – გია გვაზავა ოკუპირებული აფხაზეთის მოვლენებზე
“შეიძლება, აფხაზეთში იყვნენ ადამიანები და რა თქმა უნდა არიან, ვისაც ესმით, რომ მათი გადარჩენა ჩვენს წიაღში შეიძლება. ეს აქსიომაა. მაგრამ, მათი ხმა ძალიან სუსტია. კრემლი რომ არ გააღიზიანონ, პირდაპირ ვერ ეუბნებიან, თქვენ სრულებით არ გვჭირდებით, ჩვენთვის გვინდა ვიყოთო. მათი მთავარი მიზანი ესაა. ლაპარაკობენ, ჩვენ რუსეთს კი არ ვებრძვით, იმ ქართველებს ვებრძვით, რომელთაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთო. ასეთი აბსურდული თეზისი აქვთ – თურმე, ისინი [ორმაგი მოქალაქეობის მქონე ქართველები] იყიდიან მიწებს, შემოსახლდებიან და იძულებულები ვიქნებით, მივიღოთ, რადგან ორმაგი მოქალაქეობა აქვთო. კიდევ ჩვენ გვაბრალებენ” – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, გია გვაზავამ განაცხადა.
გვაზავა ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
“მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო, ამას მხოლოდ დრო სჭირდებოდა. რუსეთმა, კრემლმა თავის სახე გამოაჩინა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას პირობები წაუყენა – რაც თავის დროზე დაგეხმარეთ, დღეს ასეთი სახით უნდა დაგვიბრუნოთო. ჩვენგან განსხვავებით, აფხაზები საკუთარ მიწას იცავენ და ეს ძალიან კარგია, მაგრამ, რამდენ ხანს ეყოფათ ძალა, ჩემთვის ცოტა რთული სათქმელია, რადგან იქ დემოგრაფიული მდგომარეობა ყოველდღე იცვლება, თუმცა არა აფხაზების სასარგებლოდ. დადგება მომენტი, როდესაც სხვა ეთნოსები უფრო ჭარბად იქნებიან და ძალიან მარტივი საკითხი დადგება – მაინც და მაინც აფხაზი რატომ უნდა იყოს პრეზიდენტი და ა.შ. ამას მოჰყვება ამ ე.წ. კანონების სიცოცხლეში მოყვანა, აღსრულება, ოღონდ რუსეთს არ ეჩქარება, ის თავის გასაკეთებელს დღეს თუ არა, ხვალ მაინც ეცდება, გააკეთოს. რამდენ ხანს შეძლებს აფხაზური საზოგადოება წინააღმდეგობას, როგორც იტყვიან, დროის საკითხია.
ჩვენს ზოგიერთ წარმომადგენელს მოლოდინი აქვს, რომ თურმე, აფხაზეთში ისეთი ძალები წარმოიქმნება, რომლებიც საქართველოსკენ გამოქანდებიან, ეს ტყუილია. ეს ასე არ არის, მით უმეტეს, მათი ე.წ. ელიტა, პრაქტიკულად, წავიდა ამ შეთანხმებაზე კრემლთან, რომ ის მოეხდინა, რაც მოხდა. ჩვენს იქ დატოვებულ ქონებაზე გამდიდრებული ხალხი, როგორ ფიქრობთ, თავის მონაგარს დატოვებს? არა მგონია. შეიძლება, იყვნენ ადამიანები და რა თქმა უნდა არიან, ვისაც ესმით, რომ მათი გადარჩენა ჩვენს წიაღში შეიძლება. ეს აქსიომაა. მაგრამ, მათი ხმა ძალიან სუსტია. ამიტომ, კრემლი რომ არ გააღიზიანონ, პირდაპირ ვერ ეუბნებიან, თქვენ სრულებით არ გვჭირდებით, ჩვენთვის გვინდა ვიყოთო. მათი მთავარი მიზანი ესაა. ლაპარაკობენ, ჩვენ რუსეთს კი არ ვებრძვით, იმ ქართველებს ვებრძვით, რომელთაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთო. ასეთი აბსურდული თეზისი აქვთ – თურმე, ისინი [ორმაგი მოქალაქეობის მქონე ქართველები] იყიდიან მიწებს, შემოსახლდებიან და იძულებულები ვიქნებით, მივიღოთ, რადგან ორმაგი მოქალაქეობა აქვთ. კიდევ ჩვენ გვაბრალებენ”- განაცხადა გვაზავამ.
მისივე თქმით, ოკუპირებულ რეგიონში ერთი მხრივ, არ უნდათ, რომ აფხაზეთში ოლიგარქიული მდგომარეობა დადგეს და მეორე მხრივ, “თურმე, ქართველები შემოვლენ და ამ მიწას აითვისებენ, რადგან ქართველებიც ოლიგარქები არიან.”
“იქ დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფულია. ხვალ და ზეგ ისინი ამ წინააღმდეგობას სრულებით ვერ გასწევენ. ყველა ე.წ. პრეზიდენტის დროს იყო მცდელობები, გაეკეთებინათ ხან აპარტამენტები, ხან გაეყიდათ აგარაკები. მაგალითად მოჰყავთ კრასნოდარის ყოფილი გუბერნატორი ტკაჩოვი, რომელმაც ზღვაზე დასასვენებელი სახლი იყიდა, შემოღობა და პლაჟზე ვერავინ შედის. ასე იქნებაო, ოლიგარქები არ გვინდაო. ერთი მხრივ, არ უნდათ, რომ აფხაზეთში ოლიგარქიული მდგომარეობა დადგეს და მეორე მხრივ, თურმე, ქართველები შემოვლენ და ამ მიწას აითვისებენ, რადგან ქართველებიც ოლიგარქები არიან.
ეს [აპარტამენტების ე.წ. კანონპროექტის გაწვევა, განცხადება რუსული საინვესტიციო პროექტების შესახებ ე.წ. შეთანხმების გაწვევაზე] აფხაზური საზოგადოების ბრძოლის შედეგია ამ ეტაპზე მეტ-ნაკლებად შეძლეს, ეს პროცესი გაეჩერებინათ. ჯერ აპარტამენტებზე იყო საუბარი, ახლა საინვესტიციო კანონზეა ლაპარაკი. ეს კიდევ რაღაც ფორმით უნდოდათ, შემოგდებას აპირებენ.
5 ე.წ. დეპუტატი დაპატიმრებული იყო, შემდეგ გამოუშვეს. ეს ხალხი დღეს აფხაზეთში გმირადაა გამოჩენილი, რადგან საკუთარ მიწას, სამშობლოს იცავენ. საზოგადოების მხრიდან ეს ასე აღიქმება. დღეს ისეთი მუხტი აქვთ, რომ პროცესი დაძლიეს, ასე ჰგონიათ. ღმერთმა ქნას, ასე იყოს. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რუსეთს არ ეჩქარება. 30 წელიწადი იცდიდა და ეს დღეს გააკეთა” – განაცხადა გვაზავამ.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში არეულობა და დაძაბული ვითარებაა. სოხუმში რამდენიმე დღეა ე.წ. ოპოზიციის და მისი მხარდამჭერების საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ისინი დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომას ითხოვენ და სოხუმში „სამთავრობო“ შენობების კომპლექსი აქვთ დაკავებული. ბჟანიას გადადგომის მოთხოვნას წინ უძღოდა ოპოზიციის პროტესტი რუსული საინვესტიციო პროექტების შესახებ ე.წ. შეთანხმების გამო. 15 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტთან ვითარება დაიძაბა. აქციის მონაწილეები რუსეთთან საინვესტიციო პროექტების ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციას ეწინააღმდეგებოდნენ. მომიტინგეები ე.წ. პარლამენტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და შენობას ალყა შემოარტყეს. 15 ნოემბერს დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პროექტს გაიწვევს. “მსგავსი გადაწყვეტილება რესპუბლიკაში ვითარების სტაბილიზებისთვის იქნა მიღებული“, – ნათქვამია განცხადებაში. 16 ნოემბრის ინფორმაციით, ე .წ. პარლამენტიდან რუსეთთან საინვესტიციო პროექტების ე.წ. შეთანხმების გაწვევის შესახებ დოკუმენტზე ასლან ბჟანიას ხელი არ მოუწერია.
თამუნა შეყილაძე