მაია ბითაძე: დღეს რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდეს, „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო მეტ ხმას მიიღებს
“დღეს რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდეს, „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო მეტ ხმას მიიღებს”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, მაია ბითაძემ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანია პოლიტიკური არეალიდან არ გაქრნენ.
“თითოეული ის ნაბიჯი, რომელსაც ჩვენი რადიკალური ოპოზიცია დგამდა და დგამს არჩევნების შემდეგ, აჩვენებს იმას, რომ ეს არის ადამიანთა კრებული, რომლებიც არ მოქმედებენ საკუთარი შინაგანი რწმენით, არამედ მოქმედებენ ვიღაცების დავალებით იმ ერთიანი მიზნის მიღწევისთვის, რასაც ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილება და ამ ქვეყანაში სტაბილურობის მოშლა ჰქვია.
ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ლანძღავდნენ ერთმანეთს, დაკავებული იყვნენ ერთმანეთის დაჭერით დღეს გვევლინებიან თითქოს ერთიან გუნდად. ახლაც, შიგნითაც ვერ გაურკვევიათ რას, როგორ და რისთვის გეგმავენ და რა შედეგს ელოდებიან. სწორედ იმიტომ, რომ მათ არ აქვთ საქართველოს მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერა, ახლა ვხედავთ მათ ბრძოლას ელექტრონულ მანქანასთან, რომელსაც ისინი აქებდნენ.
ყოველდღიური მათი გამოხტომით, შეთქმული პერფორმანსით ისინი ცდილობენ რომ დღის წესრიგში იყვნენ და საერთოდ არ გაქრნენ პოლიტიკური არეალიდან. დღეს რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდეს, „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო მეტ ხმას მიიღებს და ისინი ამას რატომ ვერ იაზრებენ, მართლა ვერ ამომიხსნია“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.