მაია ბითაძე: აბსოლუტურად არასერიოზულია ის გზავნილები, რაც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან გვესმის გამოძიებასთან მიმართებით
“აბსოლუტურად არასერიოზულია ის გზავნილები, რაც ჩვენ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან გვესმის გამოძიებასთან მიმართებით”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, მაია ბითაძემ არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის განცხადებებზე საუბრისას აღნიშნა.
მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს თავის ამომრჩეველთან თავი იმართლოს.
„ადამიანებს, ერთის მხრივ არ უნდათ გამოძიებასთან ურთიერთობა და ძირითად შემთხვევაში, როდესაც პასუხს აძლევენ, მითითებებს აკეთებენ საჯაროდ გაკეთებულ ინფორმაციებზე. ეს არის წყლის ნაყვა მათი მხრიდან, რომ საკუთარ ამომრჩეველთან იმართლონ თავი. ადამიანები, რომლებიც პირველ რიგში, ცდილობენ იმას, რომ საერთოდ არ მიიღონ საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა, ხოლო მეორეს მხრივ მაქსიმალური ზიანი მიაყენონ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ამ ქვეყნის ისტორიაში შევლენ ერთადერთი მარტივი სახელით, მოღალატეების სახელით, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ერთადერთ რამეს ცდილობდნენ, რომ ამ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა მაქსიმალურად დაეზიანებინათ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.