ირაკლი ქადაგიშვილი – არჩევნების საერთაშორისო გამოძიებაზე: ეს არის კიდევ ერთი დიდი ბლეფი

ეს არის კიდევ ერთი დიდი ბლეფი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ საერთაშორისო გამოძიების ჩატარების მოთხოვნას.

მისი თქმით,

„ეს არის კიდევ ერთი დიდი ბლეფი, რომელზეც ხან საზღვარგარეთიდან, ხან შიგნით, მუდმივად მუსირებენ. ასეთი ინსტიტუტი, ასეთი კანონმდებლობა არ არსებობს. თუ სიტყვების რახარუხს ცოტა გვერდზე გადავდებთ და უფრო კონკრეტულად ვისაუბრებთ, ჩვენ ვხედავთ, რომ არჩევნების მომზადება, არჩევნების ჩატარება, არჩევნების შემდგომ საჩივრების განხილვა და საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება რამხელა სამართლებრივი პროცესი არის, რომელიც არის ძალიან მკაცრად და დეტალურად რეგულირებული ქართული კანონმდებლობით. გეტყვით ერთ რამესაც, ნებისმიერი, ვინც ჩვენ მუდამ ჭკუას გვასწავლის, ამ მიმართულებით მათი კანონმდებლობა და ჩვენი კანონმდებლობა შევადაროთ და თუ მათი კანონმდებლობა რამით უკეთესი იქნება ჩვენ კანონმდებლობასთან შედარებით, მერე გველაპარაკონ რაღაცაზე. აქ უზარმაზარი სამუშაო სრულდება და ვინ შეასრულებს ამ სამუშაოს?! – ამიტომ ეს არის პოლიტიკური განცხადებები, ამ კითხვას ვერ გამოვლევთ, იმიტომ, რომ არის კატეგორია ხალხის საზღვარგარეთ, რომელსაც უნდოდა აქ გამარჯვება სხვა ძალის, თვითონ კანონის დარღვევით იყვნენ ამ საარჩევნო კამპანიაში უხეშად ჩართულები, ვერ გაიმარჯვეს, ეს მათ პირად დამარცხებას აქვთ მიღებული და შურისძიების რეჟიმში არიან“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები