კალაურის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სოფელ კალაურში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის კრამიტის სახურავი თითქმის სრულად იყო დაზიანებული და ნალექის შემთხვევაში ტაძრის კედლებზე არსებულ ფრესკებს უქმნიდა საფრთხეს. ამასთანავე, ეკლესიას არ გააჩნდა სარინელი.
რეაბილიტაციის ფარგლებში მოიხსნა ამორტიზებული კრამიტი როგორც ეკლესიის ცენტრალური, ისე გვერდითა ნავების სახურავებიდან. ასევე, მოიხსნა კრამიტის ქვეშ არსებული კირის დუღაბი, რის შემდგომაც ტაძრის ცენტრალური და გვერდითა ნავების სახურავებზე კირის ხსნარის საფუძველზე მოეწყო კრამიტის საფარი. გარდა ამისა, ტაძრის გარშემო ბრტყელი რიყის ქვებით მოეწყო სარინელი.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ეკლესიის რეაბილიტაციისთვის დახარჯა 58 544 ლარი. სარეაბილიტაციო სამუშაოები ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ – შპს „კამარამ“- შეასრულა.
კალაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2020 წლის 14 აპრილს მიენიჭა. ძეგლი მიეკუთვნება VI-VII საუკუნეებს და მოხატულია XVI საუკუნის შუა წლებში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები