ზურაბ გიკაშვილის გამოფენა გაიხსნება

15 ნოემბერს, 18:00 საათზე, ATINATI’S კულტურის ცენტრი ერთ-ერთი გამორჩეული მხატვრის – ზურაბ გიკაშვილის გამოფენას უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 30-მდე ნამუშევარი ATINATI’S და მხატვრის პირადი კოლექციებიდან. ზურაბ გიკაშვილი 1990-იანი წლების იმ ქართველი მხატვრების ჯგუფის ცნობილი წარმომადგენელია, რომელთა ნახატები გამოირჩევიან დახვეწილი ფერწერის ტექნიკით. ერთ-ერთი პირველი ჯგუფური გამოფენა მას აკადემიის დამთავრებისთანავე 1992 წელს ჰქონდა, იტალიის თანამედროვე ხელოვნების „ჯიბელინას“ მუზეუმში.
ზურაბ გიკაშვილის ყველა ნახატი ექსპრესიულია – ერთი შეხედვით მშვიდი და იდილიური პეიზაჟებიც კი, ყურადღებით შესწავლისას გარკვეულ სევდას იწვევენ. გიკაშვილი სხვადასხვა თემატიკისა და ფორმატის ნამუშევრების ავტორია. თითოეულს უნიკალური სტილი და განწყობა აქვს. ნამუშევრები, რომელთა მიზანი ატმოსფეროს შექმნაა ობიექტები ზუსტი წესრიგით არის დალაგებული, სინათლე ზოგიერთ შემთხვევაში ასხივებს, ზოგან ჩრდილებით ქმნის სიმყუდროვეს. ეს შეიძლება იყოს რიტუალი ან უცნაური შეკრებები, სადაც ფატალურობის განცდა რჩება დამთვალიერებელს. აქ დაბნეული და უმწეო ადამიანების, ცხოველების თუ ობიექტების სპონტანური ერთობაა ასახული, რომლებიც თითქოს უნებურად იკრიბებიან გიკაშვილის შექმნილ სამყაროში. ეგზისტენციალური აქცენტებია დასმული ზურაბ გიკაშვილის პორტრეტებსა და ავტოპორტრეტებშიც. ის მედიტაციისა და თვითკონცენტრაციის საშუალებით გამოხატავს საკუთარ თავს.
ბიოგრაფია
ზურაბ გიკაშვილი 1961 წელს ყვარელში დაიბადა. სწავლობდა თელავის სამხატვრო სკოლაში, შემდეგ თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში, ბოლოს კი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა (დაამთავრა 1992წ). სტუდენტობის წლებიდან მოყოლებული ზურაბ გიკაშვილი სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობდა. მისი ნამუშევრები გამოიფინა ლონდონის სამეფო აკადემიის საზაფხულო გამოფენაზე 2000 წელს. ზურაბ გიკაშვილი 2009 წლის პრაღის ბიენალეზე საქართველოს წარმოადგენდა. მისი შემოქმედება ადგილობრივ და საერთაშორისო კოლექციებშია დაცული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები