საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა საბჭოს წევრებს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოებისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაცია წარუდგინა
სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში საბჭოს სხდომა გაიმართა.
საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა და იმავდროულად საბჭოს თავმჯდომარემ – გოგიტა თოდრაძემ, საბჭოს წევრებს წარუდგინა ინფორმაცია 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოებისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.
საქსტატის ინფორმაციით, 2024 მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა დაგეგმილია მიმდინარე წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, რომელიც ორ ეტაპად ჩატარდება.
“პირველ ეტაპზე, 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მონაცემები შეგროვდება თვითრეგისტრაციის მეთოდით (CAWI). თვითრეგისტრაცია წარმოადგენს მონაცემთა შეგროვების მეთოდს, როდესაც რესპონდენტები დამოუკიდებლად, ინტერვიუერების გარეშე, კომპიუტერის/პლანშეტის/სმარტფონის მეშვეობით, სტანდარტული ინტერნეტ ბრაუზერის გამოყენებით, ელექტრონულად ავსებენ კითხვარებს. აღნიშნული მეთოდის გამოყენება ხელსაყრელია იმ რესპოდენტებისთვის, რომელთაც არ სურთ ინტერვიუერის სახლში სტუმრობა ან/და არ აქვთ საკმარისი დრო პირისპირ ინტერვიუსთვის.
თვითრეგისტრაციის მსურველებისთვის საქსტატმა შექმნა სპეციალური ვებპლატფორმა, რომელიც განთავსებულია საქსტატის ვებგვერდზე https://census2024.geostat.ge/ka.
ხოლო მეორე ეტაპზე, 29 ნოემბრიდან – 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, მონაცემები შეგროვდება საქსტატის ინტერვიუერების მიერ, კარდაკარის პრინციპით, პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით.
გოგიტა თოდრაძემ ასევე ისაუბრა ზოგიერთ მაღალმთიან დასახლებებში აღწერის ჩატარების შესახებ. ნოემბერ-დეკემბრის თვეებში ამინდის შესაძლო გაუარესების გამო (მესტიის, ლენტეხის, ყაზბეგის, დუშეთის (გუდამაყრის, ქვეშეთის, ხევსურეთის, უკანაფშავის, შატილის, მაღაროსკარის თემები) და ახმეტის (ომალოს თემი) მუნიციპალიტეტების მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის აღწერა ჩატარდა 2024 წლის 20 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის პერიოდში.
აღწერის შედეგების საფუძველზე ხელმისაწვდომი იქნება ზუსტი და განახლებული მონაცემები, როგორც მოსახლეობის რაოდენობის, მისი სქესობრივ-ასაკობრივი შემადგენლობის, სხვადასხვა დემოგრაფიული, სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლების მიხედვით, ასევე შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ, თვითმმართველი ერთეულებისა და დასახლებების დონეზე.
საქსტატის საბჭო 9 წევრისგან შედგება და მის შემადგენლობაში შედიან საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე აკადემიური წრეების, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.